10 რეკომენდაცია და კონკრეტული რჩევები საარჩევნო კოდექსის გასაუმჯობესებლად - ეუთო/ოდირმა და ვენეციის კომისიამ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე ერთობლივი დასკვნა გამოაქვეყნა.
ცესკოს თავმჯდომარის არჩევა ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაციაა. თუ არსებული კანონმდებლობით ცესკოს თავმჯდომარის ასარჩევად 76 ხმა საკმარისია, ცვლილებების შემდეგ კვორუმი უფრო მაღალი იქნება და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ასარჩევად 100 დეპუტატის მხრდაჭერა იქნება საჭირო.
საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების ნაწილი ცესკოში პარტიების წევრის დანიშვნაზე შეზღუდვების მოხსნას, სასამართლო დავების დროულად განხილვას და საჩივრების ელექტრონულად წარდგენას გულისხმობს
ვენეციის კომისია და ეუთო /ოდირი ქართულ მხარეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ელექტრონული ხმის მიცემის სისტემის დანერგვას ურჩევს.
ისინი საერთაშორისო ორგანიზაციების ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებას ითხოვენ და დოკუმენტის იმ ნაწილზე ამახვილებენ ყურადღებას, სადაც საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი ცვლილებაა გაკრიტიკებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს კონკრეტული ცვლილებები ფართო პოლიტიკური ჩართულობით არ შემუშავებულა და არჩევნების შემდეგ შექმნილი კრიზისის განმუხტვას ემსახურება.
ეუთო/ოდირის და ვენეციის კომისიის დასკვნა მმართველი პარტიისთვის იმის დადასტურებაა, რომ კანონპროექტში სწორი ცვლილებები შევიდა. მმართველი პარტია პირობას დებს, რომ საერთაშორისო პარტნიორების ყველა რეკომენდაციას გაითვალისწინებს.
საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა დაახლოებით ორ კვირაში გაიმართება. საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი პარტია მოქალაქეებსა და ქართულ ოცნებას შორის შეთანხმების საფუძველზე შემუშავდა.