17 ნოემბერი 2024,   04:46
ვრცლად
მოსკოვი ბრიუსელის სანქციებს სანქციებითვე პასუხობს - 8 ევროპელ მაღალჩინოსანს მოსკოვში შესვლა აეკრძალა 

მოსკოვი ბრიუსელის სანქციებს სანქციებითვე პასუხობს. 8 ევროპელი მაღალჩინოსანი უკვე მოხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ არასასურველ პირთა სიაში, როგორც პერსონა ნონ გრატა. მათ შორის, ვისაც მოსკოვში შესვლა აეკრძალა, უმაღლესი თანამდებობის პირები არიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორისაა ევროპარლამენტის თავმჯდომარეც.

კრემლი ყველაფერს ევროპაში არსებულ "ანტირუსულ ისტერიაზე" რეაგირებით ხსნის და თვლის, რომ ევროკავშირი სანქციებით მოსკოვის დასუსტებას ცდილობს და ამაში მას შტატები აქეზებს. მისთვის მიუღებელ ქმედებაზე უკვე დააანონსა საპასუხო რეაქცია ბრიუსელმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რას აპირებს. 

ევროპელი პოლიტიკოსების უმეტესობა ფიქრობს, რომ რუსეთის ყველა ქმედების უკან პერსონალურად ვლადიმერ პუტინი დგას, რომელმაც ევროკავშირის 8 მაღალჩინოსანი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. 

არ დაუგვიანებია ევროკავშირის სამივე შტოს სამივე ლიდერის ერთობლივ განცხადებასაც. ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტში, ფიქრობენ, რომ რუსეთის მიერ მიღებული ზომა უსაფუძვლო და კანონიერად გაუმართლებელია და იგი პირდაპირ ევროკავშირის წინააღმდეგაა მიმართული. 

რა იქნება ევროკავშირის საპასუხო ზომა და როგორ უპასუხებს მას მოსკოვი - ახლა მთავარ ინტრიგად რჩება. ამასთან, რუსეთი ევროპის წაქეზებაში ვაშინგტონს ადანაშაულებს, რომლის პირველი პირიც პრეზიდენტ პუტინს ნეიტრალურ ტერიტორიაზე სულ მალე, ივნისში შეხვდება.

დღის ამბები