ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები ხელისუფლების ხელშია და გირაოს გადასახდელად მისი თანხმობა საჭირო არ არის.
"დღეს იყო მორიგი შეხვედრა დღესასწაულების შემდგომ. შევხვდით და გავიარეთ სხვადასხვა საკითხი.
რაც შეეხება გირაოს, ნიკა მელიას თანხმობა არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ არავითარ შემთხვევაში არ არის დღის წესრიგში. ხელისუფლების დაქვემდებარებაშია პროკურატურა და სასამართლო. ნებისმიერ დროს ხელისუფლებას შეუძლია მიმართოს სასამართლოს, მოითხოვონ გირაო და ნიკა მელიას თანხმობა საერთოდ არაფერ შუაში არ არის. აბსოლუტურად არ არის საჭირო ნიკა მელიას თანხმობა არავითარ გირაოზე. ნებისმიერ დროს შეუძლია ხელისუფლებას მიმართოს სასამართლოს და ნიკა მელია თავისუფლდება სხდომის დარბაზიდან. ისევე როგორც ამნისტიის კანონთან დაკავშირებით ნიკა მელიას თანხმობა ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენს კანონზე, ზუსტად ანალოგიურია გირაოსთან დაკავშირებით, მისი თანხმობა არაფერ შუაში არ არის. ნიკა მელიას გათავისუფლების გასაღები ხელისუფლების ხელშია," - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.