"სინოფარმით" ვაქცინაცია დაიწყო რეგიონებში. დილიდან ვაქცინაციის ცენტრებთან ხალხმრავლობა იყო, აცრა 18 წელს ზემოთ ყველა იმ მოქალაქეს ეხება, ვინც რეგისტრაცია წინასწარ გაიარა. ქვეყნის მასშტაბით 91 პუნქტი ფუნქციონირებს. ამ დრომდე არცერთი გვერდითი მოვლენა, არც თბილისსა და არც რეგიონებში, არ დაფიქსირებულა.
“სინოფარმით” იმუნიზაცია დაიწყო აჭარაშიც - დღეს ვაქცინა 100-მდე პირმა გაიკეთა. იმუნიზაცია რეგიონის მასშტაბით 8 დაწესებულებაშია ხელმისაწვდომი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გადამზადებულები არიან მედიკოსები როგორც ვაქცინის ადმინისტრირების წესზე, ასევე შესაძლო გვერდითი მოვლენების მართვაზე. ამ დროისთვის "სინოფარმზე" 1150 ჯავშანია.
ასევე, მიმდინარეობს "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" ვაქცინაცია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, "ფაიზერით" 2466 პირი აიცრა, "ასტრაზენეკათი" 1450.
ჩინური "სინოფარმით" ვაქცინაციის პროცესი შეაფასა დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ და განაცხადა, რომ ეს ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯია ეპიდემიის დასასრულებლად. თამარ გაბუნიამ იმედი გამოთქვა, რომ "სინოფარმისთვის" ავტორიზაციის მინიჭება უახლოეს მომავალში მოხდება.
საქართველოში "სინოფარმის" 100 000 დოზაა შემოტანილი. პირველადი რეგისტრაცია გაიარა 17 613-მა ადამიანმა.