სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე უარს არ აცხადებს - ეს მთავარი ჩანაწერია ამნისტიის კანონში, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" პარლამენტში წარადგინა.
"ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ ამნისტიის კანონის მათი ვერსია თავსებადია ევროკავშირის რეკომენდაციებთან და მისაღები უნდა აღმოჩნდეს ოპოზიციისთვისაც. მათ მიერ შემუშავებული კანონის რედაქციაში გათვალისწინებულია იმ პირების ამნისტიაც, ვინც დანაშაულის მომზადებაში ან მცდელობაში მონაწილეობდა.
"პრაქტიკა მეტყველებს იმის თაობაზე, რომ ამნისტირებულ პირებს ეკითხებიან - თანახმა არიან თუ არა, რომ მათზე გავრცელდეს ამნისტიის კანონი. ამნისტიის კანონი დაფარავს ყველა იმ ქმედებას, რომელიც როგორც ერთი მხრიდან, ვინც შტურმით ცდილობდა პარლამენტის შენობის აღებას, ასევე, იმ პოლიციელთა მიმართ, რომლებზეც მიმდინარეობს გამოძიება ძალის გადამეტების თაობაზე, ყველას მიმართ გავრცელდება,"-აცხადებს "ოცნების" წევრი გივი მიქანაძე.