17 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
წელიწადში 50-მილიარდიანი დანაკარგი და ეკონომიკური ზრდის შემცირება - რა ზარალს განიცდის რუსეთი დასავლური სანქციების გამო

წელიწადში 50-მილიარდიანი დანაკარგი და ეკონომიკური ზრდის შემცირება - ეს არის ის ზარალი, რასაც, ექსპერტების აზრით, რუსეთი დასავლური სანქციების დაწესების შემდეგ განიცდის. ამერიკელმა ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, რომელშიც აღწერილია ყველა ის გავლენა, რაც რუსეთის წინააღმდეგ დასავლურ სანქციებს მოჰყვა. ექსპერტები ამბობენ, რომ სანქციათა რესურსი ჯერ კიდევ არ ამოწურულა და ვაშინგტონს ხელში უფრო სერიოზული ბერკეტებიც აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს დასავლურ სანქციებს ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭოს, ფინანსური სანქციებით რუსეთის ეკონომიკას დიდი ზიანი მიადგა. ასეთია ანალიტიკოსების დასკვნა, რომელიც ვაშინგტონში ატლანტიკურმა საბჭომ გამოაქვეყნა. სპეციალისტები ფინანსური სანქციების კიდევ უფრო გამკაცრების რეკომენდაციას იძლევიან.

ანგარიშში აღწერილია მთელი ის პერიოდი, როდესაც რუსეთის აგრესია იზრდებოდა, ფერადი რევოლუციების ტალღა და კრემლის პასუხად სამოქალაქო საზოგადოებაზე კონტროლის დაწესება. იხსენებენ პუტინის ანტიამერიკულ გამოსვლას მიუნხენის კონფერენციაზე. ბუქარესტის სამიტზე მის მიწვევას, მაპის არმიცემას საქართველოსა და უკრაინისთვის, პუტინის მიერ დასავლეთის სისუსტის დანახვას და მის საომარ სტრატეგიას, 2008 წლის აგვისტოს ომს, რამაც რუსეთის პრეზიდენტს პოპულარობა გაუზარდა.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სანქციების რესურსი არ ამოწურულა. ექსპერტების თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციათა კოორდინირება ყველა მიმართულებით უნდა გააგრძელოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მოკავშირეებსა და პარტნიორებთან. რუსეთთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკის მთავარი მიზანი კი აღმოსავლეთ უკრაინიდან რუსეთის საბოლოოდ გამოყვანა უნდა იყოს.

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ახალი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლისა და დაპატიმრების გამო.

დღის ამბები