"ქართული ოცნების" წევრის, სოზარ სუბარის შეფასებით, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნა იმ პირობებში, რომ აღნიშნულ საქმეებზე ამნისტია უნდა გავრცელდეს, არასერიოზულია და "მანდატებით თამაშის" ტოლფასია.
თუმცა, სუბარი იქვე უსვამს ხაზს, რომ თუ ამ წინადადებას მედიატორები მხარს დაუჭერენ, ის მზად არის ამ ინიციატივას თავადაც დაეთანხმოს.
"პარლამენტი არ არის თამაშის ადგილი და საპარლამენტო კომისია არ არის თამაშის ადგილი. საპარლამენტო კომისიის შექმნას მე მხარს დავუჭერდი, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ამნისტიაზე უნდა ვთქვათ უარი. შევქმნათ საპარლამენტო კომისია იმისთვის, რომ შემდეგ ვუთხრათ ვინმეს, შენ რა ცუდად მოქცეულხარ თურმე, თურმე დანაშაული ჩაგიდენია და კუთხეში დადექიო, ეს არასერიოზულია და ეს არის თამაში მანდატებით.
მაგრამ, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვენდობით პროკურატურას, გამოვიძიოთ და ქართველმა ხალხმა პირდაპირ ეთერში ნახოს, ვის რა დანაშაული მიუძღვის, მე მხარს დავუჭერ ამას, მაგრამ მაშინ მოგვიწევს ამნისტიაზე თუ მუდმივად არა, დროებით მაინც უარის თქმა.
ამ შემთხვევაში, "ლელოს" ვთხოვდი, რომ შეეთანხმებინა ეს მედიატორებთან და თუ ისინი იტყვიან, რომ მხარს უჭერენ ამას, მერე მხარს დავუჭერდი მე პირადად,"-განაცხადა სოზარ სუბარმა.