უმრავლესობაში ამბობენ, რომ ამნისტიის კანონს აუცილებლად მიიღებენ და "ქართული ოცნება" შარლ მიშელის მიერ შემუშავებული დოკუმენტის ყველა პუნქტზე აღებულ პასუხისმგებლობას შეასრულებს.
მმართველი გუნდის კანონპროექტი გუშინ გასაჯაროვდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ამნისტიის კანონი ვრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც ჩაიდინა დანაშაული, მიიღო მონაწილეობა ან ჰქონდა მცდელობა. მათ შორის მათზე, ვისაც აქვს პირობითი მსჯავრი ან შეფარდებული აქვს ჯარიმა და ის ამ დრომდე გადაუხდელია. კანონპროექტის თანახმად, ამნისტია არ გავრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც უარს იტყვის, რომ კანონი მასაც შეეხოს. ამ შემთხვევაში მის წინააღმდეგ გაგრძელდება სამართლებრივი წარმოება.
გივი მიქანაძის განცხადებით, საკითხზე პოზიციების თანხვედრის მიუხედავად, თავიდანვე იყო ისეთი ელემენტები, რომელსაც ოპოზიციის მხრიდან თავისებური ინტერპრეტაცია მიეცა. უმრავლესობის წევრის თქმით, ამნისტია ცალმხრივი ვერ იქნება და მან უნდა დაასრულოს ყველა ის საკითხი, რაც 2019 წლის ივნისის მოვლენებთანაა დაკავშირებული. მიქანაძე იმედოვნებს, რომ სწორი ინტერპრეტაციის შემთხვევაში, ამნისტიასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" კანონპროექტს ოპოზიციის მხარდაჭერაც ექნება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ამნისტიის კანონი ყველა შემთხვევაში იქნება მიღებული, რათა "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით აღებული ვალდებულება სრულად შეასრულოს. უმრავლესობის წევრი ოპოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით ვითარების განგებ დაძაბვის მცდელობაში ადანაშაულებს:
"ახლა ამნისტიის გარშემო ცდილობენ პატარ-პატარა დეტალებით მოგვეკიდონ და გაართულონ ვითარება," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.