შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმომწერები ისევ ვერ თანხმდებიან. დისკუსიის ახალი რაუნდი მმართველი გუნდის ამნისტიის პროექტმა გახსნა. სადავოა ჩანაწერი, რომლის მიხედვით ბრალდებულს შეუძლია გათავისუფლებაზე უარი თქვას. სამართლებრივი ნონსენსი - ასეთია ოპოზიციის შეფასება, რომელსაც კატეგორიულად არ ეთანხმება მმართველი გუნდი. პროექტის ავტორებმა ბრალდებებს ცოტა ხნის წინ ბერლინიდან უპასუხეს.
"ამნისტიის კანონი შეეხება შესაბამის პირებს. ვინც თანხმობას აცხადებს ამნისტიაზე, ეს არის ძალიან მარტივი ჩანაწერი, რომელიც გამომდინარეობს თვითონ შეთანხმების სულისკვეთებიდან. ბუნებრივია, დაუშვებელია ვინმეს იძულება, რომ გამოვიდეს ციხიდან, თუ მას ეს არ სურს. აქედან გამომდინარე ამნისტიასთან დაკავშირებით საჭიროა მელიას დასტური. ჩვენ თავიდანვე გამოვთქვით მზადყოფნა, რომ საკომიტეტო და პლენარული მოსმენების ფარგლებში შეიძლება შეჯერდეს ჩვენი პოზიციები და ამასთან დაკავშირებით მზად ვართ დისკუსიისთვის ოპოზიციასთან," - აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, ამნისტია უნდა შეეხოს 20 ივნისის ყველა ფაქტს და ყველა პირს, შესაბამისად ეს ავტომატურად შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" პატიმრობაში მყოფ თავმჯდომარესაც, თუ ის ამაზე უარს არ განაცხადებს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე ამბობს, რომ კანონპროექტი იძლევა იმის შესაძლებლობასაც რომ ის გავრცელდეს შემდგომ პერიოდზეც და შეეხოს მოგვიანებით დაწყებულ სასამართლო პროცესებს:
"კანონპროექტში რომელიც ჩვენ წარვადგინეთ არის იმის შესაძლებლობაც, რომ ამ კანონპროექტის გავრცელება მოხდეს მოგვიანებით პერიოდზეც, მაგალითად შეიძლება ადამიანი გამტყუნდეს კონკრეტული სასამართლო განხილვის შემდეგ, მაგრამ ეს მიღებული კანონი გავრცელდება მასზეც და ის პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდება," - განაცხადა გივი მიქანაძემ.