17 ნოემბერი 2024,   03:21
ვრცლად
რა შემთხვევაში არ შეეხება პირს 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის აქტი - დავით მათიკაშვილი უმრავლესობის კანონპროექტს განმარტავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი "დღის კურიერში" სტუმრობისას განმარტავს, რას ითვალისწინებს 20 ივნისის მოვლენებზე მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი. მისი განმაარტებით, პროექტის თანმახმად, იმ პირებს, ვისაც შეეხება აღნიშნული ამნისტიის აქტი არანაირი დამატებითი თანხმობა არ დასჭირდებათ. მათიკაშვილის თქმით, ამნისტიის მიღებისთანავე ის ავტომატურად გავრცელდება თითოეულ მათგანზე, რომლის სავარაუდო დანაშაულსაც ამნისტიაში გათვალსიწინებული მუხლები მოიცავს.

ამასთან, მათიკაშვილის განმარტებით, თუ პირს არ სურს შეეხოს ამნისტიის აქტი, მაშინ მან პროცესის მწარმოებელ ორგანოს განცხადებით უნდა მიმართოს.

"არანაირი თანხმობა იმისთვის, რომ ამნისტიის აქტი შეეხოს რომელიმე პირს, რომელთა მიმართაც 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით არსებობს რაიმე სახის გადაცდომის ან დანაშაულის ფაქტი, რა თქმა უნდა, აქ არ არის. 

ამნისტიის კანონი შეეხება ყველას, აბსოლუტურად ყველას. არანაირ დამატებით დოკუმენტზე ხელის მოწერა ამ პირებს არ ევალებათ. იმ შემთხვევაში, თუკი ეს პირები განაცხადებენ, რომ არ სურთ ისარგებლონ ამნისტიის აქტით და ეს განცხადება ხელმოწერით დადასტურდება  და ჩაბარდება პროცესის მწარმოებელ ორგანოს, მხოლოდ ამ შემთხვევაში არ შეეხებათ ამ პირებს ამნისტიის აქტი. არანაირი დამატებითი თანხმობა არ არის საჭირო, ყველაზე ავტომატურად ვრცელდება ამნისტიის აქტი," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დღის ამბები