17 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა​

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ჯეიჰუნ ბაირამოვს შეხვდა - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებას. აღინიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობა და ამ პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარება და თვისობრივად ახალ დონეზე გადაყვანა არის უაღრესად პრიორიტეტული ორივე ქვეყნისთვის და სწორედ ამას ემსახურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვიზიტი აზერბაიჯანში.

შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში მიმდინარე პროცესები, ასევე რეგიონის განვითარებისთვის აუცილებელ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში საქართველოსა და აზერბაიჯანის ჩართულობის საკითხები, საუბარი ასევე შეეხო აღნიშნული გეოსტრატეგიული პროექტების უკეთ გამოყენების და პოზიციონირების მიზნით ორი ქვეყნის კოორდინირებულ ქმედებებს.

მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებით ხაზი გაესვა პანდემიის პირობებში ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას და ასევე პოსტპანდემიურ პერიოდში აქტიური ეკონომიკური ურთიერთობების განახლების შესაძლებლობას, მათ შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.

მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხები და შესაბამისი კომისიის მუშაობის განახლების შესაძლებლობა, რომელიც პანდემიის გამო შეფერხდა. მინისტრებმა გამოხატეს მზაობა და სურვილი კომისიის მოკლე დროში შეკრების შესახებ, სურვილი და გამოთქვეს იმედი კომისიის ფარგლებში საკითხის ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკევთების და ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით გადაჭრის თაობაზე. მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს საქართველო-აზერბაიჯანის წარმატებულ თანამშრომლობას სხვადასხვა საერთაშორისო თუ რეგიონალური ფორმატებში და ამ მხრივ ხაზი გაუსვეს აზებაიჯანი-საქარველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატის ეფექტიანობას.

დღის ამბები