პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი "გირჩისა“ და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ საუბრობს, სადაც განხილვის თემა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები იყო. ამის შესახებ "ღამის კურიერში" თავად იაგო ხვიჩიამ ცოტა ხნის წინ ისაუბრა.
აპირებს თუ არა ვეტოს დადებას პრეზიდენტი პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონპროექტზე, როგორც ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ გუნდს შორის რაიმე სახის კომუნიკაცია არ ყოფილა.
"პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას მიღებს თვითონ. და ზოგადად, მე მიმაჩნია, რომ ის კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, იყო გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან, გარკვეული დედლაინებიც იყო განსაზღვრული, რომ ეს პირველი ივნისისთვის ეს შესწორებები უნდა რეალიზებულიყო და კანონი არის უკვე დაბალანსებული, ოპოზიციას შეეძლო კიდევ უფრო აქტიურად მიეღო მონაწილეობა.
ის ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, ჩაერთვნენ, ხოლო ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არ ერთვებიან ჯერჯერობით საკომიტეტო და საპარლამენტო მუშაობაში, ჩვენ ძალით მეტს ვერაფერს ვერ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ყველანაირი პირობა შევქმენით, რომ ეს პარტიები და ეს დეპუტატები შემობრძანებულიყვნენ პარლამენტში," - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.