26 აპრილი 2024,   09:08
ვრცლად
ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე, გვაქვს ჩვენი გერმანელი მეგობრების მყარი მხარდაჭერის იმედი - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" ოთხკაციანი დელეგაცია ბერლინში, ბუნდესტაგში შეხვედრებს დღესაც გეგმავს.

სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების დეპუტატებთან და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გერმანიის დელეგაციასთან შეხვედრების შემდეგ, უმრავლესობის წარმომადგენლებმა მოლაპარაკება გერმანიის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, კლაუდია როტთან გამართეს.

საუბრის ძირითადი თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები იყო; აღინიშნა, რომ გერმანია რჩება საქართველოს მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად.

ასევე მნიშვნელოვანია გერმანიის მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მმართველი გუნდის თქმით, ქვეყანას ეს მხარდაჭერა გერმანიიდან აქვს.

გერმანელი პოლიტიკოსები საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებითაც დაინტერესდნენ.

"გვქონდა საუბარი ყველა საკითხზე, რომელიც უკავშირდება საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს. პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე და რეგიონში არსებულ პროცესებზე.

საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე ჩვენ გვაქვს ჩვენი გერმანელი მეგობრების მყარი მხარდაჭერის ძალიან დიდი იმედი,"- აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები