ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც პარლამენტმა უახლოესი სესიების განმავლობაში უნდა მიიღოს, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის კვლავ უთანხმოების მიზეზია. საკანონმდებლო ორგანოში ორი კანონპროექტია შეტანილი, ერთი "ქართული ოცნების", მეორე კი ოპოზიციის მიერ. ოპოზიციას რამდენიმე მოთხოვნა აქვს, მათ შორის არის ის, რომ არ იყოს აუცილებელი პატიმრის თანხმობა მისი ამნისტირებისთვის.
"სტატეგია აღმაშენებელში" ამბობენ, რომ თუ ოპოზიცია ამ საკითხში ერთიანი იქნება, შესაძლებელია, რომ "ქართულ ოცნებას" დათმობაზე წასვლა აიძულონ. პაატა მანჯგალაძის თქმით, მათ დაგეგმილი აქვთ მთელი რიგი კამპანიები კანონპროექტის საპარლამენტო განხილვებისას, რათა მმართველი პარტია აიძულონ, რომ ოპოზიციის და საზოგადოების მოთხოვნა გაითვალისწინოს და არ მიიღონ ამნისტიის კანონი იმ მავნე ფორმით, როგორც ახლა აქვთ შემოთავაზებული.
"ლელოს" წევრის კახა კოჟორიძის შეფასებით, "ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი პოლიტიკურ შეთანხმებას ეწინააღმდეგება და პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ნაცვლად მას ისევ აქტიურად ტოვებს, ამიტომ "ლელო" მისი ამ სახით მიღების პრინციპულად წინააღმდეგია.
"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩა აცხადებს, რომ საჭიროა ისეთი დოკუმენტის მიღება, რომელიც პოლიტიკური დუღილის ტემპერატურას დაბლა დაწევს და პოლიტიკური ძალების შერიგებას უზრუნველყოფს. ამიტომ მისი თქმით, ოპოზიციისა და მმართველი პარტიის შემოთავაზებული კანონპროექტებიდან, რომელიც უფრო ახლოს იქნება ამ სულისკვეთებასთან და შარლ მიშელის დოკუმენტთან, "გირჩის" მხარდაჭერაც იმ დოკუმენტს ექნება.