დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს იმ ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა - ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ორბელიანების სასახლეში ოპოზიციასა და სალომე ზურაბიშვილს შორის მოლაპარაკება გაიმართება.
პრეზიდენტი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს დაახლოებით ერთ საათში შეხვდება. საუბარია ცვლილებებზე, რომლითაც გამკაცრდა პასუხისმგებლობა წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე.
ჯერჯერობით მოლოდინებზე ოპოზიციური პარტიები წინასწარ ვერ საუბრობენ, თუმცა მათივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი დაინტერესდა მათი მოსაზრებებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
ზუსტად 1 საათში ელოდებიან ადგილზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. სავარაუდოდ, პირველი, ვინც პრეზიდენტს პირისპირ შეხვდება, იქნება სალომე სამადაშვილი, შემდეგ კი დაგეგმილია პრეზიდენტის შეხვედრა ხათუნა სამნიძესთან და გიორგი ვაშაძესთან.
დღის მეორე ნახევარში კი ორბელიანების სასახლეში დავით უსუფაშვილსა და კახა კოჟორიძეს ელოდებიან.
ის პირები, რომლებიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არიან დაბარებულები, ამბობენ, რომ მათი მოსაზრებები ჯერ კიდევ საპარლამენტო განხილვების დროს ცნობილი იყო და ითხოვენ, რომ ამ კანონს ვეტო დაედოს.
"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრი პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც სამი მოსმენით არის მიღებული, რეპრესიული ხდება.
"ეს არ არის ნატო-ს და ევროპის პრაქტიკა, როცა სამოქალაქო აქტივისტებს რეპრესიული მექანიზმებით აჩერებენ, ეს არის ბელორუსის და რუსეთის პრაქტიკა და ჩვენ ნათლად გვინდა ავუხსნათ ყველას, რომ ეს პრაქტიკა არ არის გზა ევროპისკენ, ეს არის ავტოკრატიისკენ გზა და ეს უნდა შეაჩეროს პრეზიდენტმა," – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი კახა კოჟორიძე აცხადებს, რომ კანონს ფუნდამენტური ცვლილებები სჭირდება.
"ამ კანონპროექტს სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები, გაჯანსაღება და გათანამედროვება, ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ, რომ "ოცნება" ამძიმებს სანქციებს, ის, რაც ბოლოს გააკეთეს, რომ შეიტანეს ორ მუხლში უფრო მკაცრი სანქციები, ეს პირდაპირ არის მიმართული გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციური პრინციპების საწინააღმდეგოდ. აქედან გამომდინარე ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტის მხრიდან იმ ბერკეტის გამოყენება, რასაც ჰქვია ვეტო, იქნება სწორი," - განაცხადა კახა კოჟორიძემ.