ლონდონში "დიდი შვიდეულის" საგარეო უწყებათა ლიდერების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს ყველა მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური, ჰუმანიტარული და ეკონომიკური საკითხი.
შეხვედრაზე რუსეთზე და მის მავნებლურ ქმედებებზეც ისაუბრეს. სახელმწიფოები თანხმდებიან, რომ მოსკოვის ქმედებები დესტრუქციულია და მათ სოლიდარობა გამოთქვეს ყველა იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც რუსული დაზვერვის ქმედებების გამო დაზიანდნენ.
"ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული რუსეთის უპასუხისმგებლო და დესტაბილიზაციური ქმედებების ნეგატიური მოდელის შენარჩუნების გამო. ეს მოიცავს უკრაინის საზღვართან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში რუსული შეიარაღებული ძალების თავმოყრას, მის მავნე ქმედებებს, რომელიც მიზნად ისახავს სხვა ქვეყნების დემოკრატიული სისტემებისთვის ძირის გამოთხრას, მის მავნე კიბერაქტივობასა და დეზინფორმაციის გამოყენებას.
ჩვენ სრულ სოლიდარობას გამოვხატავთ ყველა პარტნიორის მიმართ, რომლებიც რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან დაკავშირებული ქმედებების შედეგად დაზარალდნენ. მწუხარებით აღვნიშნავთ დასავლეთის ქვეყნებთან რუსეთის ურთიერთობების გაუარესებას. ჩვენ დაინტერესებული ვართ რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობებით.
ამასთან, განვაგრძობთ ჩვენი და ჩვენი პარტნიორების კოლექტიური შესაძლებლობების გაძლიერებას, რათა წინ აღვუდგეთ და შევაკავოთ რუსეთის ქცევები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საერთაშორისო წესრიგს," - ნათქვამია განცხადებაში.