17 ნოემბერი 2024,   03:25
ვრცლად
ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს ამნისტიის კანონპროექტის ვერსიებს უწუნებენ

ამნისტიის კანონპროექტი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კვლავ უთანხმოების თემაა. ოპონენტები ერთმანეთს კანონპროექტის ვერსიებს უწუნებენ.  გარდა შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისა, ქართული ოცნების ამნისტიის კანონპროექტი არ მოსწონთ არც "ნაციონალურ მოძრაობაში".

ნიკა ობოლაძის თქმით, შეთანხმებაზე "ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს ხელი მოწერილი, თუმცა არც შეთანხმებაში მონაწილე ოპოზიციას მოუწერია ხელი ისეთ დოკუმენტზე რომელიც გულისხმობს ნიკა მელიას ციხეში დატოვებას და მოძალადეების გათავისუფლებას.  ნიკა ობოლაძე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს და საერთაშორისო პარტნიორების იმედი აქვს, რომ ასეთი სახით კანონპროექტის მიღება არ მოხდება.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება ამნისტიის კანონპროექტის საკუთარ ვერსიებს ერთმანეთს ულტიმატუმის სახით უყენებს და არ ცდილობენ პოზიციების დაახლოებას და კრიზისის მოგვარებას, რაც იყო დადებული შეთანხმების მთავარი არსი.

შეთანხმების იმედი აქვს ალეკო ელისაშვილს, "მოქალაქეების" ლიდერი ამბობს, რომ ის პრინციპულ განსხვავებებს ვერ ხედავს წარდგენილ ვერსიებს შორის და მიაჩნია, რომ ეს საკითხი დროულად უნდა მოგვარდეს და პოლიტიკური სპექტრი რეალური პრობლემების მოგვარებით დაკავდეს.

განმარტებებს აკეთებენ უმრავლესობაშიც. დავით მათიკაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" კანონპროექტში არაა საუბარი იმაზე რომ ამნისტიისთვის ბრალდებული პირის თანხმობაა საჭირო, არამედ არის ჩანაწერი იმაზე, რომ პირს ამნისტიით სარგებლობაზე უარის თქმის და სასამართლო დავის გაგრძელების უფლება აქვს.

უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი თვლის, რომ ამნისტიის კანონის "ქართული ოცნებისეული" რედაქცია სრულ ჰარმონიაშია, როგორც შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტთან, ასევე ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციებთანაც. რატი იონათამიშვილის თქმით, განსხვავებით ხელისუფლების კანონპროექტისგან ოპოზიციის ვარიანტი სეგრეგაციას და დისკრიმინაციას იწვევს.

დღის ამბები