დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს იმ ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა - ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან შეხვედრებს დაასრულებს.
დღეს მოლაპარაკება უკვე გაიმართა სალომე სამადაშვილთან და გიორგი ვაშაძესთანაც. საუბარია ცვლილებებზე, რომლითაც გამკაცრდა პასუხისმგებლობა წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენასა და სამართალდამცველთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობაზე.
"იმისთვის, რომ ახალი კანონპროექტი დაინიცირდეს, ამისთვის უნდა შევიდეს ძალაში მიღებული ცვლილებები, ანუ ეს არის დროში უფრო გაწელილი პროცედურა. კარგი იქნებოდა, რომ ვეტოს გამოყენებით შეგვეჩერებინა ამ კანონპროექტის ამუშავება და შესაბამისად ხელისუფლებას მოუწიოს, რომ თავიდან განიხილოს აღნიშნული ოპოზიციის თანამონაწილეობით. ვისარგებლე შემთხვევით და საუბარი გვქონდა ზოგადად შეთანხმების შესრულებაზეც," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მან პრეზიდენტთან 3 ძირითად საკითხზე ისაუბრა.
ასევე ერთ-ერთი მთავარი თემა პრეზიდენტთან შეხვედრის დროს იყო ზაზა გახელაძის საკითხი და ასევე ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხები.
"მე გავაცანი ჩვენი პოზიცია, რომ კარგი იქნება თუ ვეტოს გამოიყენებს, რადგან ჩვენ მაინც ვაპირებთ ხელახლა კანონის რეგისტრაციას კანონის პარლამენტში და უკეთესი იქნება თუ ვეტოს მექანიზმით, ძალიან მარტივი ამოცანა გვაქვს, დაბრუნდეს იგივე ჯარიმის ნიშნულები, რაც იყო. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ, ეს არის ზაზა გახელაძის საკითხი. ვთქვით, რომ იქნებ საპარლამენტო მექანიზმი უფრო აქტიურად გამოვიყენოთ, მათ შორის მისი ჩართულობით, რომ კონკრეტულად ვიცოდეთ როგორ შეგვიძლია დავიხსნათ მძევლობიდან ჩვენი თანამემამულე. ასევე ვისაუბრეთ ამნისტიაში უხეშად რომ ვთქვათ, ნიკა მელიას ჩანაწერი. მისთვისაც უცნაური იყო ასეთი ჩანაწერის გაჩენა თვითონ ამნისტიის კანონში," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.