17 ნოემბერი 2024,   03:54
ვრცლად
იმ საკითხზე, რაზეც ახლა ისინი მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს, ისინი არ მობრძანდნენ პარლამენტში - გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა ერთი კვირის წინ მიიღო. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს ცვლილებები შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან და თუ ოპოზიციას ჰქონდა გარკვეული პრეტენზიები, მაშინ სრული შემადგენლობით უნდა მისულიყვნენ საპარლამენტო განხილვების დროს და საკუთარი მოსაზრებები სწორედ პლენარულ სხდომაზე წარედგინათ.

"იმ საკითხზე, რა საკითხზეც ახლა ისინი მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს ისინი არ მობრძანდნენ საქართველოს პარლამენტში. ეს დამოკიდებულება აჩვენებს იმას, რომ მათ რეალურად ის კი არ აინტერესებთ, რა ცვლილებები იქნა მიღებული, არამედ ის, რომ მოძებნონ გარკვეული ტექნიკური ხარვეზები მათი გაგებით და მხოლოდ დღის წესრიგი შექმნან, მაგრამ სჯობს, რომ რასაც მოაწერეს ხელი ის შეასრულონ, ანუ საქართველოს პარლამენტში მიიღონ მონაწილეობა, კომიტეტებზე, სესიებზე და ინდივიდუალურ ფორმატებში," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ კოდექსში შესული ცვლილებების ერთი ნაწილი იყო აღსრულება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხოლო მეორე ნაწილი ევროპულ სტანდარტთან სრულ ჰარმონიზაციაშია.

"ის ცვლილებები, რაც შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ერთი ნაწილი იყო აღსრულება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხოლო მეორე ნაწილი სრულ ჰარმონიზაციაში მოდის ევროპულ სტანდარტთან, როდესაც განმეორებითი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში უფრო გამკაცრებული მიდგომა არის კანონის მხრიდან. აქედან გამომდინარე, ცხადია მათ აქვთ უფლება, რომ შეხვდნენ პრეზიდენტს და პრეზიდენტიც ვალდებულია, რომ მიიღოს ისინი. ეს პროცესი უკვე მე მინდა დადებითად შევაფასო, მაგრამ თვითონ დისკუსია ამასთან დაკავშირებით არის არა სამართლებრივი, არამედ მხოლოდ პოლიტიკურ დივიდენდებზე გათვლილი პროცესი," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დღის ამბები