დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში პარლამენტის წევრები აიცრნენ. მმართველი გუნდის 20-მდე დეპუტატს ვაქცინაცია ძირითადად ჩინური მედიკამენტით "სინოფარმით" ჩაუტარდათ. დეპუტატების ვაქცინაციის პროცესს ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრიც, რომელმაც პარლამენტის წევრებს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.
"მნიშვნელოვანია, როგორც სამსახურეობრივი ჩართულობა, ასევე ბიზნესსექტორის ჩართულობაც, ვინაიდან ვაქცინაციის პროცესში ჩართული თითოეული ადამიანი წარმოადგენს ეპიდსიტუაციის დასტაბილურების მნიშვნელოვან მაჩვენებელს. ბოლო პერიოდში არის მინისტრების აქტიური ჩართულობა და ასევე საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების ჩართულობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან სწორედ ისინი არიან ჩვენი ხიდი საზოგადოებასთან და დარწმუნებული ვარ ეს კიდევ უფრო გაააქტიურებს ვაქცინაციის პროცესს," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.