ვინ იბრძოლებს თბილისის მერობისთვის - ოპოზიცია ერთიან კანდიდატზე ვერ თანხმდება, "ქართული ოცნება" კი კახა კალაძის გადაწყვეტილებას ელოდება.
ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ გამარჯვების მეტი შანსი ერთიან კანდიდატს აქვს, თუმცა დისკუსიის საგანი ახლა კანდიდატის სახელი და გვარია. მაგალითად "სტრატეგია აღმაშენებელი" ღიად ამბობს, რომ ნიკა მელიას მხარდაჭერა მარცხის ფორმულაა, მაშინ როდესაც სწორედ დაპატიმრებულ თავმჯდომარეზე დებს ფსონს "ნაციონალური მოძრაობა".
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური არასწორად და ნაადრევად მიიჩნევს კანდიდატებზე საუბარს მაშინ, როდესაც ენმ-ს ლიდერი ციხეშია. წიკლაური ნონსენსს უწოდებს მთავარი ოპოზიციური პარტიის გარეშე ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებას და ამბობს, რომ ასეთი განცხადებები სწორედ "ქართულ ოცნებას" აძლიერებს. ნუგზარ წიკლაურმა "სტატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძეს პრემიერობის ამბიციაც ჰქონდა, თუმცა მისი პოლიტიკური ძალის მიერ მიღებული 3% ამ ამბიციასთან შეუთავსებელი აღმოჩნდა, სწორედ ამიტომ წიკლაური ვაშაძეს არა კონფრონტაციის, არამედ შეთანხმებული ქმედებებისკენ მოუწოდებს.
კრიტიკას პასუხობენ "სტრატეგია აღმაშენებელშიც", სერგო ჩიხლაძე არ გამორიცხავს, რომ მერობის კანდიდატად შესაძლოა უპარტიო ადამიანიც კი იქნეს წარდგენილი, ამასთან "ნაციონალურ მოძრაობას" 8 წლის განმავლობაში ჩატარებულ არჩევნებსაც ახსენებს და აცხადებს რომ 27%-იანმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერცერთი მათგანის მოგება ვერ შეძლო.
"7 არჩევნები იყო და 7-ვე არჩევნებში დამარცხდა 27%-იანი პარტია, ასე რომ პროცენტებს ნუ დაატოლებენ, აქ არის მთავარი სინერგია, რომ მთლიანობაში ოპოზიციამ გაიმარჯვოს. ვინც არ უნდა იყოს მათი კანდიდატი, საუბარი არაა სახელზე და გვარზე და პიროვნულად ნიკა მელიაზე, ვინც არ უნდა იყოს, თუ ის პირისპირ დარჩენა "ქართულ ოცნებასთან" ის ყოველთვის წააგებს," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.