"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერის განცხადებით, ნიკა მელიას საპყრობილეში იმყოფება იმის გამო, რომ მისი გარეთ ყოფნა ამ ხელისუფლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ხელისუფლების მთავარ კონკურენტია. ამის შესახებ ბაჩუკი ქარდავამ საპყრობილეში ნიკა მელიას მონახულების შემდეგ განაცხადა. ედპ-ს ლიდერი ევროკავშირის მხრიდან გირაოს მოსალოდნელ გადახდას პოლიტპატიმრის გამოსასყიდს უწოდებს:
"თანხა, რომელიც პირობითად უნდა გადაიხადოს ევროკავშირმა ნიკა მელიას თავისუფლებაში, ეს არის გამოსასყიდი რეჟიმისგან, რომელსაც იხდის დემოკრატიული სამყარო და ეს ძალიან დიდი სირცხვილია ქართული სახელმწიფოსთვის. ბიძინა ივანიშვილი ხვალ და ზეგ აუცილებლად გაიგებს თუ რას ნიშნავს, როდესაც დემოკრატიული საზოგადოება პოლიტპატიმრისთვის იხდის გამოსასყიდს," - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ნიკა მელია ოპოზიციის საერთო კანდიდატი თბილისის მერის არჩევნებში, ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ეს ოპტიმალური ვარიანტი იქნება, თუმცა გადაწყვეტილება ნიკა მელიას ჯერ მიღებული არ აქვს:
"ეს იქნება ოპტიმალური ვარიანტი, თუმცა ნიკას ამასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. თუმცა ის, რომ ნიკა მელია დღეს ოპოზიციაში ყველაზე პოზიტიურია და მიზიდულობის ცენტრია ყველა ოპოზიციური პარტიისთვის, ცხადზე ცხადია, თუმცა ამასთან დაკავშირებით თვითონ ნიკამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებამ," - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.