სოზარ სუბარი არ ეთანხმება კრიტიკას, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა აშშ-ის საელჩოსა და ოპოზიციისგან დაიმსახურა:
"გულწრფელად ვამბობ, ვერ მონახავთ რაიმე შეუსაბამობას საერთაშორისო კანონმდებლობასთან, ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობაა. აშშ-ის საელჩოსა და ქალბატონი კელი დეგნანის განცხადებას გავეცანი და გულწრფელად გეტყვით, რომ აბსოლუტურად არ ვეთანხმები, იმიტომ, რომ აშშ-ის ყველაზე ლიბერალური შტატის კანონმდებლობაც კი გაცილებით მკაცრია იმასთან შედარებით, რომელიც ჩადებულია ამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ისევე როგორც გაცილებით მკაცრია ევროპის აბსოლუტურად ყველა ქვეყნის კანონმდებლობა,"- განაცხადა სოზარ სუბარმა.
სოზარ სუბარმა ოპოზიციის წარმომადგენლები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ სწორედ იაგო ხვიჩია და გიორგი ვაშაძე იყვნენ იმ იუსტიციის უწყების წარმომადგენლები წინა ხელისუფლების პერიოდში, როდესაც საბჭოთა ნორმა 30 დღიანი პატიმრობა 90 დღემდე გაიზარდა, "ქართული ოცნების" პირობებში კი, ეს ვადა 15 დღემდე შემცირდა.
"ზუსტად იმ იაგო ხვიჩიამ, რომელიც დღეს ლაპარაკობს ანტიდემოკრატიულობაზე და გიორგი ვაშაძემ, რომლებიც მუშაობდნენ იუსტიციის სამინისტროში, მათ შეცვალეს 30 დღიანი პატიმრობა, გაზარდეს 90 დღემდე"- აღნიშნა სოზარ სუბარმა.
კითხვაზე, დღესაც რომ სახალხო დამცველი იყოს, დაუჭერდა თუ არა მხარს აღნიშნულ კანონს, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ კანონს მისი მხარდაჭერა ექნებოდა, რადგან მას ამ კანონის დემოკრატიულობასთან კითხვის ნიშნები არ აქვს. ამასთან, სოზარ სუბარი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი კანონს ვეტოს არ დაადებს, რადგან ამისთვის არგუმენტები არ არსებობს.