17 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
ვეტო არ იქნება - პრეზიდენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ შეაჩერა

ვეტო არ იქნება - პრეზიდენტმა  მისთვის მინიჭებული უფლება არ გამოიყენა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ შეაჩერა.

სალომე ზურაბიშვილმა თავისი გადაწყვეტილება ნახევარი საათის წინ საგანგებო ბრიფინგზე გამოაცხადა.

პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრები, საპარლამენტო უმრავლესობა - დღეს პრეზიდენტის ოფისში "ქართული ოცნებიდან" ხალხმრავლობა იყო. ვეტოს ოპოზიცია ითხოვდა, რომელიც გუშინ ასევე მრავლად იყო წარმოდგენილი ორბელიანების სასახლეში.

მოლოდინი, რომ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო იქნებოდა, თავად სალომე ზურაბიშვილმა შექმნა თავის ოფისში მიმდინარე კონსულტაციებით. 

ორბელიანების სასახლეში დაახლოებით 1 საათიანი შეხვედრა ისე დასრულდა, რომ არც ირაკლი ღარიბაშვილს და არც დავით ზალკალიანს მედიასთან განმარტება არ გაუკეთებია.

ვიდრე პრემიერი და საგარეო უწყების პირველი პირი ორბელიანების სასახლეში მივიდოდნენ, სალომე ზურაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრსაც შეხვდა. ვახტანგ გომელაურთან პირისპირ საუბრის დასრულებისთანავე პრეზიდენტმა "ქართული ოცნების" ლიდერები მიიღო. მსჯელობის მთავარი თემა რა თქმა უნდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი იყო.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდებოდა დილიდან ყველა ის პარტია, რომლებიც გუშინ შეხვდნენ პრეზიდენტს და საკუთარი შენიშვნები გაუზიარეს.

ოპონენტების შეფასებები გადაჭარბებული და უსაფუძვლოა "ქართული ოცნებისთვის". მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში საერთაშორისო პრაქტიკასთან ერთად შეესაბამება ქვეყნის კონსტიტუციას.

ვადა საკუთარი გადაწყვეტილების გამოცხადებამდე პრეზიდენტს მომავალი კვირის ხუთშაბათამდე ჰქონდა, თუმცა 2 დღიანი კონსულტაციების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ვეტოს უფლება არ გამოიყენა და ცვლილებები უცვლელად დატოვა.

დღის ამბები