პარლამენტის წევრი და "მოქალაქეების" თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მასაც, როგორც უმეტესობას, იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ცვლილებებს ვეტოს დაადებდა, თუმცა ელისაშვილი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გადაწყვეტილებაში "ქართული ოცნების" მიმართ გაფრთხილება ჩანდა.
"იმედგაცრუებული ვარ იმიტომ, რომ როგორც ალბათ ბევრს და უმეტესობას, გვქონდა მოლოდინი, რომ ვეტოს დაადებდა პრეზიდენტი, ნამდვილად გვქონდა ამისი მოლოდინი, თან ხო აგერ თვითონაც თქვა, რომ ვეთანხმები ოპოზიციასო.
ყველანაირი არგუმენტი იყო იმისთვის, რომ ვეტო დაედო, თუმცა ეს ასე არ მოხდა, მაგრამ ოდნავ პოზიტიურად რომ შევხედოთ დღევანდელ იმედგაცრუებას, თითქოს ჩანდა ის, რომ "ოცნების" თითქოს გაფრთხილება თუ ყვითელი ბარათი იყო, რომ აწი ყველაფერს ასე იოლად არ გაგიტარებთ და ნოტარიუსივით ასე ყველაფერზე ბეჭედს არ დაგირტყამთ. ღმერთმა ქნას ასე მოხდეს.
პრეზიდენტი ხელს მოაწერს კანონს და კანონი ამოქმედდება," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.