დღეს მთელი მსოფლიო წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის სახელით, მადლობას უხდის საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თითოეულ თანამშრომელსა და მოხალისეს მათი ფასდაუდებელი შრომისათვის.
"საუკუნენახევარზე მეტია ყველაზე აღიარებული ჰუმანიტარული ორგანიზაციის საქმიანობა უცვლელ პრინციპებს - ჰუმანურობასა და მიუკერძოებლობას ეფუძნება. მისი თანამშრომლები, მოხალისეები და მხარდამჭერები პირველები მიდიან ადამიანების დასახმარებლად ყველაზე რთულ მომენტებში, ყველაზე ცხელ წერტილებში.
საქართველოში წითელი ჯვრის საზოგადოება ჯერ კიდევ პირველი რესპუბლიკის პერიოდში, 1918 წელს დაარსდა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ორგანიზაციას უნიკალური წვლილი შეაქვს ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და კრიზისების გადაჭრაში. განსაკუთრებით მსურს აღვნიშნო წითელი ჯვრის როლი შეიარაღებული მოქმედებებისას უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და ნეშტების ოჯახებისთვის გადაცემის საკითხში, რომელსაც იგი სახელმწიფო კომისიასთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებს.
საქართველოს მთავრობის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თითოეულ თანამშრომელსა და მოხალისეს მათი ფასდაუდებელი შრომისათვის, ვულოცავ დღევანდელ დღეს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,"- აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადებაში.