პრეზიდენტი კრიტიკის ობიექტი ამჯერად არგამოყენებული ვეტოს გამო იქცა. ოპოზიციის დიდი ნაწილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის ეს სვლა მათთვის მოულოდნელი არ იყო. პოლიტიკოსების შეფასებით, პრეზიდენტი ვერ გაექცა "ქართული ოცნების" ზეწოლას.
"პრეზიდენტმა ვერ და არ გაუწია წინააღმდეგობა "ქართული ოცნების" ზეწოლას. ჩვენ ვხედავდით გუშინ მთელი დღე, როგორ მიდიოდნენ მასთან ხელისუფლების მაღალჩინოსნები. კიდევ ვერ გამოავლინა პრეზიდენტმა ნებისყოფა და შანსი, რომ აქტიურად ჩართულიყო ქვეყნის ცხოვრებაში კიდევ ვერ გამოიყენა სამი წლის თავზეც კი. ის კვლავ მიბმულია "ქართული ოცნების" ნება-სურვილის შესრულებაზე," - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ.
ამ ბრალდებას კი მმართველი ძალა პროვოკაციულს უწოდებს და აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტმა სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო ვეტოს არგამოყენებით.
"პრეზიდენტმა მიიღო აბსოლუტურად სამართლიანი გადაწყვეტილება. მოუსმინა ყველა მხარეს, გამართა შეხვედრები და მიიღო სათანადო არგუმენტები. მის განცხადებაში იკითხება, პარლამენტის დეპუტატებისა და ხელისუფლების მიერ წარდგენილი არგუმენტები იყო უფრო მეტი, ვიდრე ოპოზიციის,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური.