საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ევროპის დღესთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ისწრაფვის ევროპული სივრცისკენ.
"ევროპის დღეს ვულოცავ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია ევროპული ღირებულებები, ყველას, ვინც საქართველოს მომავალს ევროპის სახელმწიფოთა დიდ ოჯახში ხედავს. ვულოცავ ჩვენს მეგობრებს - ევროკავშირის ელჩს - ბატონ კარლ ჰარცელს და ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში.
ქართველები ვამაყობთ, რომ ევროპული კულტურის ერთ-ერთი შემოქმედი ვართ. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ვისწრაფით ჩვენი ბუნებრივი გარემოს - ევროპული სივრცისაკენ.
მჯერა, რომ ევროპულ ერთიანობას ისევე სჭირდება საქართველო, როგორც ჩვენ გვჭირდება ევროპა,"- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო-ევროპის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც დღესაა.
"ამ ერთიანობისაკენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით. 2014 წელს საკვანძო მოვლენად იქცა ასოცირების ხელშეკრულება. ევროპასთან სავიზო ბარიერის მოხსნამ კიდევ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს.
ევროინტეგრაციის პროცესი ჩვენი აფხაზი და ოსი ძმებისთვისაც უნიკალური შესაძლებლობაა, ისარგებლონ ყველა სიკეთით, რაც ევროპასთან დაახლოებას მოაქვს.
საქართველო-ევროპის ურთიერთობები არასოდეს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორც დღესაა. მადლობას ვუხდი ჩვენ ევროპელ მეგობრებსა და პარტნიორებს, ვისი უდიდესი თანადგომის გარეშეც საქართველოს ასეთი წინსვლა შეუძლებელი იქნებოდა.
2024 წელს ჩვენ გავაკეთებთ განაცხადს ევროკავშირის სრულ წევრობაზე. ბედნიერი ვარ, რომ სწორედ დღევანდელ თაობებს ხვდათ წილად, სინამდვილედ აქციონ ჩვენი წინაპრების ოცნება.
ყველას გილოცავთ ევროპის დღეს!,"-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.