პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა, რომ კულტურულად, ისტორიულად და პოლიტიკურად საქართველო იყო ევროპის განუყოფელი ნაწილი, თუმცა მალე საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება.
"კულტურულად, ისტორიულად და პოლიტიკურად საქართველო ყოველთვის იყო ევროპის განუყოფელი ნაწილი. საქართველო იზიარებს საერთო ევროპულ ფასეულობებს, რომლებიც ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის პატივისცემას, მშვიდობიან განვითარებას, მოქალაქეების კეთილდღეობას, საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლისთვის თვითრეალიზების შესაძლებლობებს გულისხმობს.
დიდი ევროპული ოჯახის წევრობა ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია. დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან ევროკავშირი გვერდში უდგას საქართველოს საშინაო და საგარეო მიზნების მიღწევაში.
ჩვენი მიზანდასახულობით და თანმიმდევრული გეგმით მალე გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები," - განაცხადა კახა კუჭავამ.