შეთანხმდებიან თუ არა მმართველი გუნდი და ოპოზიცია ამნისტიის კანონპროექტის ერთობლივ დოკუმენტზე, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ იმედი გამოთქვა, რომ მხარეები საბოლოოდ შეჯერდებიან.
პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ის ამ პროცესს ხელს შეუწყობს.
"იქნება განხილვები. მე იმედი მაქვს, რომ შეჯერდება და საერთო სახით იქნება წარმოდგენილი. შევეცდები, ჩემი მხრიდან ამ პროცესს შევუწყო ხელი, თუმცა, საბოლოო ჯამში, ვნახავთ, როგორ წარიმართება დებატები, რომელი კანონპროექტი იქნება მიღებული, იქნება თუ არა საერთო კანონპროექტი მიღებული. რაც მთავარია, მიუხედავად იმისა, რომელი კანონპროექტი გავა, მნიშვნელოვანია, ვალდებულებები, რომელიც ხელმომწერმა მხარეებმა ავიღეთ შარლ მიშელის დოკუმენტით, შესრულდეს," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ მათი ვარიანტი უფრო ახლოს არის შარლ მიშელის დოკუმენტთან.