17 ნოემბერი 2024,   03:50
ვრცლად
ამ დრომდე სადავოა, კიდევ ვის და რომელ მუხლებს უნდა შეეხოს ამნისტიის შესახებ კანონი

პოლიტიკოსი, ვის გამოც შარლ მიშელის დოკუმენტში ამნისტიის პუნქტი ჩაიდო, ცოტა ხანში გათავისუფლდება. საინტერესოა, ჩაერთვება თუ არა თავად ნიკა მელია საპარლამენტო განხილვებში, რომელმაც მისი საქმე უნდა დახუროს.

ამ დრომდე სადავოა, კიდევ ვის და რომელ მუხლებს უნდა შეეხოს ამნისტიის შესახებ კანონი. არ არის გამორიცხული, შეთანხმების პირველი პუნქტის მთავარი ობიექტის გათავისუფლების შემდეგ, ამნისტიაზე დისკუსია უფრო მეტად მწვავე და ხანგრძლივი გახდეს.

პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი მიიჩნევს, რომ ენმ-ს სრული შემადგენლობით პარლამენტში ყოფნა ამნისტიის კანონზე მსჯელობას მოუხდება.

"დაძაბულობა კი არ უხდება ამ ამნისტიის კანონზე მსჯელობას, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" სრული შემადგენლობის პარლამენტში ყოფნა და მათი აზრის ჩვეულებრივად გათვალისწინება. მე ვფიქრობ, რომ ფაქტობრივად, პირიქით არის, სინამდვილეში ნიკას გამოსვლის შემდეგ ბევრად უფრო შინაარსიანი შეიძლება გახდეს ამნისტიის კანონპროექტის განხილვა. ვისურვებდი, რომ ორი დოკუმენტის საბოლოო ჯამში განხილვების შედეგად გადაქცეულიყო ერთ დოკუმენტად," - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრ დავით კირკიტაძის განცხადებით, "ოცნების" მიერ წარდგენილი ამნისტიის კანონპროექტი მათთვის მიუღებელია და პარტია მას მხარს არ დაუჭერს. ჩაერთვებიან თუ არა ენმ-ს წარმომადგენლები საპარლამენტო განხილვებში, ჯერჯერობით უცნობია.

"ამნისტიის ის პროექტი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, როგორც სამართლებრივი, ისე მორალური თვალსაზრისით. ის არის ჩვენთვის მიუღებელი და ჩვენ მას მხარს ვერ დავუჭერთ. ჩვენ ნიკას გამოსვლის შემდეგ გვექნება მსჯელობა, გვექნება ჩვენი წინადადებები და გარწმუნებთ, ეს იქნება როგორც სამართლიანი, ასევე მორალურად გამართული კანონპროექტი თუ ჩვენ გვექნება სურვილი, რომ ჩავერთოთ ამ პროცესში," - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ სწორედ "ოცნების" ვერსია ეფუძნება შეთანხმებული დოკუმენტის პრინციპებს, ხოლო ოპოზიციის ვერსია ცალსახად არის დისკრიმინაციული.

"ქართული ოცნების" რედაქციაც ეფუძნება შეთანხმების, დოკუმენტის თანხმობისა და მთლიანობის პრინციპებს, ხოლო ოპოზიციის ვერსიაში არის საუბარი სეგრეგაციაზე და ის არის ცალსახად დისკრიმინაციული. მთავარი აქ არის შეთანხმების დოკუმენტის მიერ მოცემული პრინციპები და ღირებულებები, რომელსაც უნდა ესადაგებოდეს საბოლოო რედაქცია, რომელიც იქნება მხარდაჭერილი," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები