ოპოზიცია და "ქართული ოცნება" საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობენ - სამუშაო ჯგუფი გაფართოებულ ფორმატში შეიკრიბა. დღეს პირველად "ოცნებას", "მოქალაქეებს" და "ევროპელ სოციალისტებს" ის კანონმდებლებიც შეუერთდნენ, ვინც შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერეს.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ უკეთესი საარჩევნო კოდექსის მისაღებად მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად იყოს ასახული კანონპროექტში ვენეციისა და ეუთო/ოდირი-ს დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის წესის ცვლილებას ეხება, საარჩევნო კამპანიაში და ზოგადად, ხმის მიცემის პროცესში ელექტრონული სისტემის დანერგვას, ასევე, სასამართლო დავებსა და ამ სასამართლოში საჩივრების წესის ცვლილებაზეც.
"აქ ორივე ნაწილს ვეხებით, როგორც პროფესიული ნიშნით დანიშნულებს, ასევე - პარტიულ წარმომადგენლებს. პროფესიულთან დაკავშირებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შერჩევა იყოს ძალიან გამჭვირვალე. ასევე, კომისიის შემდეგ, როდესაც ეს გადავა პარლამენტში პარლამენტის 2/3-ით, ან ორმაგი უმრავლესობით იყოს დანიშნული. ინიცირებულ ვერსიაში ჩვენ გვაქვს ჩადებული, რომ თითქოს თუ მანდაც არ იყენებს პარტია, მას არ უნდა ჰყავდეს წარმომადგენელი საარჩევნო ადმინისტრაციაში, ამას ჩვენ ვფიქრობთ, რომ არასწორია და ვენეციის კომისიამაც ეს თქვა," - განაცხადა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.
საია-ს თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, ძირითადი რეკომენდაციები ეხებოდა საარჩევნო სისტემას პროპორციულზე გადასვლასთან მიმართებით. მისივე განმარტებით, საარჩევნო ბარიერი იწევს დაბლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
"მართალია, სრულად ნულოვანი არ არის, თუმცა ბუნებრივიდან 2%-მდე მითითება ასევე ძალიან მნიშვნელოვანია," განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.