17 ნოემბერი 2024,   03:19
ვრცლად
შემოგვაქვს ელექტრონული დათვლის და ელექტრონული ანაბეჭდების მექანიზმი - ლევან იოსელიანი

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი და ასევე, არჩევნებში ელექტრონული სისტემის დანერგვა დღევანდელი შეხვედრის მთავარი საკითხებია - ოპოზიცია და "ქართული ოცნება" საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობს.

სამუშაო ჯგუფის ფორმატში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეს მონაწილეობას პირველად იღებენ, რომელთა ნაწილსაც უკვე კონკრეტული შეთავაზებები აქვს იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც საარჩევნო კოდექსში უნდა შევიდეს.

საუბარია ხმის მიცემის პროცესში იმ ინოვაციური წესების დადგენაზე, რომელიც აქამდე გამოყენებული არ იყო.

"შემოგვაქვს ელექტრონული დათვლის და ელექტრონული ანაბეჭდების მექანიზმი; შემოგვაქვს ავტომატურ რეჟიმში შემთხვევითი შერჩევის წესით 10% სავალდებულო გადათვლის ვალდებულება. ავტომატურად დაექვემდებარება გადათვლას თუ დაუბალანსებელი იქნება ოქმი. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ნამდვილად გააჩენს იმის განცდას, რომ საქართველოში არჩევნები შეუძლებელი იქნება, რომ გაყალბდეს," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და პარტია "მოქალაქეების" გენერალურმა მდივანმა ლევან იოსელიანმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე მიიჩნევს, რომ ინოვაციური მიდგომების შემოტანაზე საარჩევნო ხმის მიცემის პროცესში, მხარეები შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში შეთანხმდნენ.

"კომისიის წევრები უნდა იყოს საუბნო დონეზე, ამაზე შევთანხმდით ჩვენ შარლ მიშელის დოკუმენტის ფარგლებში. ხო იგივე ტექნოლოგიებთან დაკავშირებით და იცით, რომ არის ახალი ინოვაციური მიდგომები, გარმონისებრი ბიულეტენი, რომელსაც აქვს ბარკოდი და შტრიხკოდი და კონტროლდება, რომ გარეთ არ გაიტანოს ვიღაცამ კარუსელისთვის," – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას განმარტებით, მას სურს გაიგოს თუ რა უნდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას და როგორ ესმით მათ წარმოდგენილი სახელმძღვანელო დოკუმენტი.

დღის ამბები