17 ნოემბერი 2024,   03:41
ვრცლად
ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდა არის უმძიმესი ფურცელი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში - ანა ნაცვლიშვილი

"ლელოს" ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდა ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გასათავისუფლებლად იმის დასტურია, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს.

მისივე თქმით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაგრძელდეს შეთანხმების პუნქტების შესრულება და ყველა იმ რეფორმის განხორციელება, რომელიც ასახულია შარლ მიშელის დოკუმენტში. 

"ეს არის შეთანხმებაზე ხელმოწერის კიდევ ერთი კონკრეტული შედეგი. ძალიან მიხარია რომ ნიკა მელია რამდენიმე საათში იქნება თავისუფალი უკანონო პატიმრობიდან. სწორედ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაგრძელოთ შეთანხმების შესრულება. ყველა ის სისტემური რეფორმა, რომელიც არის მიშელის შეთანხმებაში და ამის მიღმაც ძალიან ბევრია გასაკეთებელი, ამაზე უნდა გავაგრძელოთ შრომა ყველა საპარლამენტო მექანიზმის გამოყენებით, მაგრამ არამხოლოდ.

როგორც არ უნდა ინტერპრეტირდეს ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გირაოს გადახდის თემა, ერთადერთი ახსნა აქვს ამას - ეს არის ცალსახა უმძიმესი ფურცელი ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში, რომელიც უკვე დაიწერა, ამას ახლა ვეღარავინ შეცვლის. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში მართლმსაჯულება არ არსებობს. ასევე, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ევროკავშირი იმდენად ნათლად ხედავს არსებულ პრობლემებს და იმდენად მოწადინებულია, რომ ქვეყნა ამოიყვანოს იმ უფსკრულიდან, ამ უპრეცედენტო ზომაზეც კი წავიდა,"-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდის შემდეგ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია სასამართლომ პატიმრობისგან გაათავისუფლა. 

დღის ამბები