მეუფე სტეფანეს პრესკონფერენციას მასთან დაპირისპირებულმა სასულიერო პირებმა უპასუხეს.
მათ ჭყონდიდის მიტროპოლიტი სიცრუეში დაადანაშაულეს და კიდევ ერთხელ მოითხოვეს მის მიერ გაჟღერებული ბრალდებების განმტკიცება.
ჭყონდიდელი სასულიერო პირების ნაწილი მეუფე პეტრეს განკვეთას უსამართლო გადაწყვეტილებად აფასებს და საეკლესიო სასამართლოს მოწყობას ითხოვს.
"ამ კაცს, რომელიც სახალხოდ სისულეებს ბოდავს და მხარს უმაგრებენ ე.წ. სინოდის წევრები, პასუხი უნდა მოეთხოვოს. მისგან გამოთქმული ყოველი წინადადება იყო სამარცხვინო და უტიფარი ტყუილი," - თქვა ბალდის მამათა მონასტრის ყოფილმა წინამძღვარმა მამა ათინოგენემ.
"სანამ არ გაირკვეოდა მეუფე პეტრეს ბრალდება, მანამ დასჯის და ეპარქიიდან გაძევების უფლება არ ჰქონდათ. წელიწად-ნახევარი ვუთმენდით ჩვენ ამათ და წელიწად-ნახევარი ველოდეთ, რომ ეს ამბავი გაირკვეოდა. პირდაპირ გეტყვით, ეს ამბავი არასდროს გაირკვევა,"- ამბობს მამა დანიელი.
"კეთილი მამა არ დატოვებს შვილს გარეთ და ნახეთ, რომ დამტოვა. ანგარიშის ნომრებს ითხოვენ. აინტერესებთ ქონება, შემომწირველების გვარები აინტერესებთ, ნახეთ, რომ მანქანა და ტელეფონი ახსენეს. არაფერი ნივთი არ წამომიღია, ყველაფერი მონასტერში დავტოვე, რაც მეცვა, იმით წამოვედი,"-ამბობს დედა სოსანა.