"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია თავისუფალია, თუმცა აღკვეთის ღონისძიების შეცვლით საქმე არ წყდება. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებას ამნისტია სჭირდება.
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერების ნაწილი ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ, ამნისტიის კანონზე მსჯელობის შეჩერებაში პრობლემას ვერ ხედავს, მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ თავმჯდომარის გათავისუფლების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს განხილვაში.
კანონპროექტების განხილვაში ჩართვაზე პარტია გადაწყვეტილებას მოგვიანებით, გათავისუფლებულ თავმჯდომარესთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს, მანამდე კი ამბობენ, რომ "პატიების აქტის" არცერთ ვერსიას არ იზიარებენ.
მმართველი პარტიისთვის ამნისტიის კანონი, პირველ რიგში, ევროპელი მედიატორების თანდასწრებით ხელმოწერილი შეთანხმების ნაწილია, რომელიც, ამავე დროს 19-21 ივნისის მოვლენების შედეგად პოლარიზაციის აღმოფხვრაა და არა კონკრეტული პირების გათავისუფლება.
ამნისტიის კანონპროექტებზე მსჯელობას პარლამენტი მიმდინარე კვირას გეგმავს.