ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით და იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში Sinovac-ის პრეპარატის გამოყენება მომდევნო კვირიდან გახდება შესაძლებელი.
"Sinovac-ი განიხილა ჯანმოს ექსპერტების საბჭომ და შუალედური დასკვნა, რომელიც პრეპარატთან დაკავშირებით არსებობს და მისი უსაფრთხოების და ეფექტურობის მონაცემები არის საკმაოდ კეთილსაიმედო.
გამომდინარე აქედან, ჩვენ ყოველთვის უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს, როდესაც ვაქცინა არის ავტორიზებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, თუმცა ეპიდემიური რისკების გათვალისწინებით, ისე როგორც ეს მოხდა Sinopharm-ის შემთხვევაში, ჩვენ რამდენიმე დღით დავასწარით ვაქცინაციის დაწყება ჯანმოს მიერ ავტორიზაციას.
ამ შემთხვევაშიც ვაქცინაციის საბჭოც და ექსპერტების ჯგუფი, ცალსახად უჭერს მხარს, Sinovac-ის დოზები გამოვიყენოთ. დღეს 100 მილიონზე მეტია მსოფლიოში აცრილი, 30 ქვეყანაში ავტორიზებული. ჩვენ ამ ეტაპზე ვაკეთებთ მოსამზადებელ სამუშაოებს და მომავალი კვირიდან შესაძლებელია Sinovac-ის რეგისტრაციაზე და მის გამოყენებაზეც ვისაუბროთ, თუკი მთავრობა დაეთანხმება იმ რეკომენდაციებს, რომელიც დღეს ვაქცინაციის საბჭომ გასცა,"- განაცხადა "დღის კურიერში" გაბუნიამ.