"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. გახარიას გუნდის წარმომადგენლები ავრცელებდნენ სიცრუეს იმასთან დაკავშირებით, რომ მათი გუნდი "ქართული ოცნების" პროექტი იყო.
მისივე თქმით, პოლიტიკური ნიშნით დანიშნული თანამდებობის პირები თანამდებობას დატოვებენ და ეს პოლიტიკური პროცესის ნაწილია.
"თუ ვინმე იყო პოლიტიკური ნიშნით დანიშნული, ის ბუნებრივია, თანამდებობას დატოვებს პოლიტიკური ნიშნით. რაც შეეხება ე.წ. გახარიას გუნდს, ისინი მთელი ამ ხნის განმავლობაში დადიოდნენ მათ შორის რეგიონებში და უმტკიცებდნენ ყველას, რომ იყვნენ ე.წ. "ქართული ოცნების" პროექტი. ამ ტყუილით აწონებდნენ თავს ბიზნესმენებს, აქტივისტებს და ა.შ. ახლა აერიათ მესიჯბოქსი და გადავიდნენ იმაზე, რომ თითქოს მათზე ზეწოლა ხორციელდება. როცა პოლიტიკური ნიშნით გამწესებული თანამდებობის პირი ტოვებს თანამდებობას, ეს არავითარი ზეწოლა არ არის, ეს არის პოლიტიკური პროცესი. ჩაჯდნენ ერთიან მესიჯბოქსში, ეს არის ჩემი რჩევა.
კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს, მიდიოდნენ ჩვენს მხარდამჭერებთან ბიზნესმენებთან და ეუბნებიან, რომ ისინი სინამდვილეში არიან "ქართული ოცნების" პროექტი“, რაც არის მარტივი ტყუილი. ასეთი ტყუილით ისინი პოლიტიკაში წარმატებას ვერ მიაღწევენ. დღეს კარგია, რომ მათ ეს მესიჯბოქსი აერიათ,"-განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ცნობისთვის, ე.წ. გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერის მოადგილეებზე ზეწოლა მოხდა და ამ მეთოდით პოლიტიკური რეპრესიებია დაწყებული.