პირობის შესრულებასა და პარლამენტში დროულად შესვლისკენ მოუწოდებენ "ნაციონალურ მოძრაობას" ამერიკელი და ევროპელი კანონმდებლები.
სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში სოციალურ ქსელში წერს:
"ახლა, როცა ბატონი მელია გათავისუფლებულია, ველი, რომ ის პარტიები, რომლებსაც ხელი ჯერ არ მოუწერიათ გასული თვის შეთანხმებაზე, თავიანთ დანაპირებს შეასრულებენ, ხელს მოაწერენ შეთანხმებას და თავიანთ ადგილებს დაიკავებენ პარლამენტში".
ანალოგიურ განცხადებებს აკეთებენ ევროპარლამენტარებიც.
"საქართველოს ძლიერი და კონსტრუქციული საპარლამენტო ოპოზიცია სჭირდება, რათა მთავრობის კონტროლი ეფექტური გახდეს" - ნათქვამია ანდრიუს კუბილიუსის ტვიტერის პოსტში.
გალერი და კრამონი კი აცხადებენ, რომ საჭიროა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბრძოლა პარლამენტის შიგნიდან გააგრძელოს.
"მოვუწოდებ ჩემს მეგობრებს ენმ-დან, ხელი მოაწერონ შეთანხმებას და პარლამენტში შევიდნენ. მთავრობისა და მმართველი პარტიის მიმართ ნებისმიერი საფუძვლიანი კრიტიკა ბევრად რეზონანსულია პლენარული სხდომიდან, ვიდრე მისი გარედან ყვირილი," - აღნიშნავს მიხაილ გალერი.
"არ შემიძლია არ დავეთანხმო. ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით საქართველოს პარლამენტი ბევრად სამართლიანი გახდა და ახლა ოპოზიციას ძლიერ პლატფორმას სთავაზობს. საკმარისია უკომპრომისო პოლიტიკური თამაშები, რაც მხოლოდ საქართველოს ვნებს. ენმ-მ და მანდატის მქონე ყველა პირმა საჭიროა იმუშაოს და იბრძოლოს პარლამენტის შიგნით," - წერს ვიოლა ფონ კრამონი.