17 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
მსოფლიო ბანკი 85 მლნ. ევროს გამოყოფს საქართველოში სამუშაო ადგილების შექმნის და პანდემიისგან დაზარალებული ფირმების მხარდასაჭერად

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოები, რომლებზეც გავლენა იქონია COVID-19 -ის პანდემიამ სარგებელს მიიღებენ  85 მლნ. ევროს მოცულობის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს დაამტკიცა. მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების (MSMEs) დახმარების ახალი პროექტი მიზნად ისახავს საწარმოების ხელშეწყობას და სამუშაო ადგილების შექმნას აღნიშნული ფირმების დახმარების პროგრამების გაფართოებითა და გაძლიერებით, ასევე საქართველოს ეკონომიკის დიგიტალიზაციის წახალისებით.

პროექტი ქვეყნის მასშტაბით დახმარებას გაუწევს დაახლოებით 6000 მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოს და ბიზნესის გადარჩენის შანსებს გაზრდის, ასევე აამაღლებს პროდუქტიული აქტივების შენარჩუნების შესაძლებლობებს და ფირმებს დაეხმარება ეკონომიკისა და ჯანდაცვის მიმართულებით არსებულ ახალ გამოწვევებთან ადაპტირებაში.

პროექტის მიზანია ფირმების წინაშე არსებული ფინანსური შეზღუდვების შემსუბუქება და მათი დახმარება საქმიანობის პოსტ - COVID-19-ის სცენართან ადაპტაციაში. პროექტის ერთი კომპონენტი  გააძლიერებს და გააფართოებს "აწარმოე საქართველოში" (EG) სააგენტოს მიერ განხორციელებულ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროგრამებს. მიკრო და მცირე ფირმების პირდაპირი დახმარება  "აწარმოე საქართველოში"-ს მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამით შეთავაზებული გრანტებით გამოიხატება.

მეორე მხრივ, მცირე და საშუალო საწარმოები (SMEs) შეძლებენ "აწარმოე საქართველოში"-ის დახმარების მიღებას მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებით, რაც შეამცირებს სესხთან დაკავშირებულ ხარჯებს და გავლენას იქონიებს ლიკვიდურობის უშუალო შეზღუდვებზე. ისინი ასევე მიიღებენ სარგებელს საფინანსო ინსტიტუტების საშუალებით ნაწილობრივ საკრედიტო გარანტიებთან წვდომით, რომლებიც შექმნილია გირავნობის მაღალ მოთხოვნებზე და საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილ რისკის თავიდან აცილების მოთხოვნებზე რეაგირებისთვის.

დღის ამბები