17 ნოემბერი 2024,   03:45
ვრცლად
ენმ-ისა და ჩაფლავებული ბოკერიას პარტიის კანდიდატების გარდა, შესაძლოა სხვებს დავუჭიროთ მხარი - ოპოზიცია ნიკა მელიას წინადადებას აფასებს

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას წინადადებას - თვითმმართველობის არჩევნებისთვის ოპოზიციის გაერთიანებას, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიების ნაწილი გამორიცხავს.

მათი შეფასებით, ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია ოპოზიციამ პროპორციულ ნაწილში რაც შეიძლება მეტი ხმის აღება შეძლოს. რაც შეეხება მერებსა და მაჟორიტარებს - ამ თემაზე კონსულტაციები გაიმართება.

"ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს არანირი შანსი არ ექნება, იმიტომ რომ 2012 წლიდან დღემდე ენმ-მ ვერ მოიგო ვერსად ვერაფერი, ერთი სოფლის მაჟორიტარიც კი ვერ მოიგო. ამიტომ, გამორიცხულია, გინდ მელია იყოს და გინდ სააკაშვილი მერობის კანდიდატი. "ნაციონალური მოძრაობის" და ჩაფლავებული ბოკერიას პარტიის კანდიდატების გარდა, შესაძლოა, სხვებს დავუჭიროთ მხარი. მაგრამ პირველ რიგში, ჩვენი პარტია "მოქალაქეები" ვმსჯელობთ, რომ გვყავდეს ჩვენი კანდიდატი. ეს შეიძლება ვიყო მე - ან არ ვიყო," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ძალიან ნაადრევია თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის თანამშრომლობაზე საუბარი. 

"რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძეც არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ერთიანი კანდიდატი იყოს წარდგენილი თვითმმართველობის არჩევნებზე. მისი თქმით, ახლა ოპოზიციამ საზოგადოებას მრავალფეროვანი არჩევანი უნდა შესთავაზოს.

თავის მხრივ მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თუ ოპოზიცია საერთო კანდიდატად ნიკა მელიას დააყენებს, მაშინ "ქართულ ოცნებას" გამარჯვება გარანტირებული აქვს.

"ჩვენთვის კარგი იქნება, თუ ნიკა მელიას დააყენებენ კანდიდატად, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში გარანტირებული გვაქვს გამარჯვება, თანაც ძალიან დიდი ანგარიშით.

მე ასე მიმაჩნია, თუ პარტიას სურს პოლიტიკური ცხოვრება, მაშინ მან ყველა არჩევნებში უნდა დააყენოს კანდიდატურა," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები