საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. პრემიერი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, გაიმართა ერთობლივი ბრიფინგი.
სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს განსაკუთრებით ხაზი გაესვა რეგიონალური სატრანსპორტო-საკომუნიკაციო გზების მეტად ეფექტური გამოყენების და სატრანზიტო პოტენციალის განვითარების საჭიროებას, ასევე პრემიერებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.
"საქართველოსთან განსაკუთრებული კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებას საკვანძო ადგილი უკავია სომხეთის საგარეო პოლიტიკაში. ჩვენი, ორი ქვეყნის ხალხი მრავალი ძაფითაა გადაჯაჭვული, ჩვენი საუკუნოვანი მეგობრობა, ისევე როგორც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საერთო ღირებულებები ქმნის იმ მყარ საფუძველს, რასაც ეფუძნება ჩვენი ორი სახელმწიფოს პარტნიორობა.
ჩვენ შევეხეთ ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ეკონომიკის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში თანამშრომლობის ამჟამინდელ მდგომარეობას და განვითარების პერსპექტივებს. გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს ურთიერთობებში კიდევ უფრო მეტი ყურადღება გავამახვილოთ სავაჭრო და ეკონომიკურ კავშირებზე.
ჩვენს მიერ განსაკუთრებით ხაზი გაესვა რეგიონალური სატრანსპორტო-საკომუნიკაციო გზების მეტად ეფექტური გამოყენების და სატრანზიტო პოტენციალის განვითარების საჭიროებას. შევეხეთ რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს.
ჩვენთვის ეჭვგარეშეა, რომ სომხეთ-საქართველოს პარტნიორობა ჩვენს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტიაა. რეგიონალურ პრობლემებზე საუბრისას გამოვთქვი ღრმა რწმენა, რომ ყარაბაღის კონფლიქტი საბოლოოდ უნდა მოგვარდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ეგიდით და მათ მიერ შემოთავაზებული პრინციპების საფუძველზე.
მე ასევე გამოვთქვი რწმენა, რომ ყოველ კონფლიქტს აქვს თავისი თავისებურება და ერთმანეთისთვის მგრძნობიარე საკითხებზე დაბალანსებულ და კონსტრუქციულ პოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს," - განაცხადა სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა.