საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ, ევროპარლამენტარების მონაწილეობით ონლაინ დისკუსიაზე ევროპარლამენტის დეპუტატმა პოლონეთიდან ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ ოპოზიცია, რომელიც რჩება პარლამენტს მიღმა, ამცირებს საქართველოს შესაძლებლობებს.
მისი განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა გახადოს შესაძლებელი და ოპოზიციამ უნდა გამოიჩინოს ნება, რომ გამოინახოს საერთო ენა.
"საქართველო უნდა გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევებს, სულ მცირე, სახელმწიფოს ფიზიკური არსებობის შენარჩუნებისთვის, უნდა მიხვიდეთ შეთანხმებამდე და უნდა მოახდინოთ მისი იმპლემენტაცია. მეტი სივრცეა საჭირო ოპოზიციისთვის, ოპოზიცია, რომელიც რჩება პარლამენტს მიღმა, მარტივად რომ ვთქვათ, ამცირებს საქართველოს შესაძლებლობებს. ხელისუფლებამ უნდა გახადოს შესაძლებელი და ოპოზიციამ უნდა გამოიჩინოს ნება, რომ გამოინახოს საერთო ენა, ეს აბსოლუტურად აუცილებელია" - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა პოლონეთიდან ანა ფოტიგამ.
ამასთან, ევროპარლამენტის წევრი ლიეტვუადან პეტრას აუსტრევიჩუსი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოში ევროკავშირის ეფექტური ჩართვა მედიაციის პროცესში და მისი შეფასებით, ევროკავშირის ჩართულობა მსგავს პროცესში იყო უპრეცედენტო.
"ამ შეხვედრის მიზანია არა საქართველოს კრიტიკა ან ისედაც ცნობილი პრობლემების განხილვა, არამედ დასკვნების გაკეთება, რომ მივიღოთ გაკვეთილი არსებული სიტუაციიდან და მომავალში კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ბოლო პერიოდი უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზებითა და დაძაბულობით ხასიათდება. ფაქტობრივად, ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ ფუნქციონირება შეწყვიტა და საზოგადოების დიდი ნაწილის იმედგაცრუება გამოიწვია. პოლიტიკური კრიზისი პოლიტიკური ხედვის თანახმად უნდა იქნეს გადაწყვეტილი. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის ეფექტური ჩართვა მედიაციის პროცესში და კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ჩართულობა მსგავს პროცესში იყო უპრეცედენტო. მეორე მხრივ, ევროკავშირის მონაწილეობა იყო ლოგიკური და პროპორციული იმ ხელშეკრულებების, რაც საქართველოს ევროკავშირთან აქვს გაფორმებული. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეპუტაციული დარტყმა მიიღო და ახლა ქვეყანამ ხელიდან არ უნდა გაუშვას შესაძლებლობა, წარმატებით განახორციელოს შეთანხმება - "სამომავლო გზა საქართველოსთვის," - აღნიშნა პეტრას აუსტრევიჩუსმა.
გარდა ამისა, ევროპარლამენტის წევრი ლიეტვუადან ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ ევროკავშირმა გასაგებ ენაზე უნდა ჩამოაყალიბოს თავის სათქმელი აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით.
ასევე კუბილიუსი საქართველოში ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავების ფაქტსაც გამოეხმაურა.
"შარლ მიშელის მედიაციით მიღებულ დოკუმენტს უნდა შევხედოთ როგორც ნაბიჯს უფრო დიდი და უფრო ფართო შეთანხმებისკენ, რომელიც ასე ძალიან სჭირდება საქართველოს პოლიტიკურ კლასს. ევროკავშირმა გასაგებ ენაზე უნდა ჩამოაყალიბოს თავის სათქმელი აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით და ამ პროგრამის მოწინავე ქვეყნებს გასცეს პასუხი თუ რა არის შემდეგი ნაბიჯი მათი ევროკავშირთან ურთიერთობების პროცესში. მინდა გამოვეხმაურო ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავების ფაქტსაც და აღვნიშნო, რომ სამართლებრივი დევნა ეწინააღმდეგება შარლ მიშელის მედიაციით მიღებული დოკუმენტის ძირითად პრინციპებს და ნაკლებად არის კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებული," - აცხადებს კუბილიუსი.