17 ნოემბერი 2024,   03:38
ვრცლად
პარტიას თუ დავაარსებ, "სიტყვა და საქმე" მინდა დავარქვა - სალომე სამადაშვილი ენმ-დან წასვლის შემდეგ ვრცელ წერილს აქვეყნებს

სალომე სამადაშვილი თავისი ყოფილი პარტიის შესახებ ვრცელ წერილს აქვეყნებს. სამადაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს წარმატებს უსურვებს და ამბობს, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალ ეტაპს იწყებს. 

"დიდი ხანია არაფერი დამიწერია ვრცლად. ერთ პოსტში-ათიოდე დღის წინ, ვწერდი, რომ ნიკა მელია ევროკავშირის გირაოთი დატოვებს საპატიმროს. გადავწყვიტე, მის გათავისუფლებამდე ბევრი არაფერიც არ დამეწერა. ჩვენი საინფორმაციო სივრცე მძიმეა- ხშირად ვწინასწარმეტყველებთ მოვლენებს, რომლებიც არასდროს ხდება, დეკლარირებას ვუკეთებთ სურვილებს, რომლებიც არ რეალიზდება. მოკლედ, გადავწყვიტე, თუ რამეს დავწერ, ამით დავიწყო - აი, წინა კვირას როგორც ვამბობდი... ვნახოთ, თუ გამომივა. პარტიას თუ დავაარსებ, "სიტყვა და საქმე," მინდა დავარქვა. ჯერ კი იყო სიტყვა, მაგრამ მაინც დავიღალეთ უშინაარსო სიტყვებით. თუმცა, რომ დაფიქრდე, უკანასკნელი, რაც ამ ქვეყანას სჭირდება კიდევ ერთი პოლიტიკური პარტიაა. ეს მოიცდის... მთავარია, რომ ვთქვით-გავაკეთეთ, გიორგი რურუა და ნიკა მელია გარეთ არიან, საარჩევნო კანონმდებლობაზე დავიწყეთ მუშაობა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რაზეც შევთანხმდით, ბოლომდე შესრულდეს, ამისთვის ვიბრძოლებ ჩემთვის ბევრ საპატივცემულო ადამიანთან ერთად, ვისაც ეყო პოლიტიკური გამბედაობა და შეთანხმებას ხელი მოაწერა, პარტიულად, თუ ინდივიდუალურად. ჩემს ყოფილ თანაპარტიელებს ასევე წარმატებას ვუსურვებ...დღეს ბევრი მათგანისგან მესმის იგივე არგუმენტები, რომლითაც მე ვცდილობდი პარტიის დარწმუნებას, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის, რაც დამაიმედებელია. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ნიკა თავისუფალია, მე ახალ ეტაპს ვიწყებ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჩემი 4 წლიანი თანაცხოვრება ენმ-თან სრულდება. მიხარია, რომ 2016 წელს, პარტიის დაშლისას, მიუხედავად იმისა, რომ პარტიის წევრიც კი არ ვიყავი, გავწევრიანდი პარტიაში და ენმ-ს შევუნარჩუნე საპარლამენტო ფრაქცია. ჩემი საერთაშორისო კავშირები გამოვიყენე იმისთვის, რომ პარტიას, რომელსაც დიდი გამოწვევები ჰქონდა დასავლეთში, პრობლემები გადაელახა. 4 წელი, რომან გოცირიძესთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად, ფაქტიურად 3 ადამიანი ვაცოცხლებდით პარტიას საპარლამენტო საქმიანობაში. პოლიტიკური ბრძოლის ურთულეს მომენტში გვერდში ვედექი როგორც მიშა სააკაშვილს, ასევე ნიკა მელიას. კვლავაც წარმატებას ვუსურვებ მათ და ყველას, ვინც მათთან ერთად აგრძელებს ბრძოლას. საბოლოოდ, ეს საერთო ბრძოლაა." - წერს სალომე სამადაშვილი. 

დღის ამბები