ჩრდილოეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხეები, დასავლეთისთვის შავი ზღვის უსაფრთხოებას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის.
ყველა საერთაშორისო ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ NATO-სა და ევროკავშირის გააქტიურება, რეგიონში არსებული კონფლიქტების, მათ შორის რუსული ანექსიისა და ოკუპაციის ფონზე, აუცილებელია, თუმცა ამ პროცესში თავად იმ ქვეყნების ქცევაა მნიშვნელოვანი, რომელიც შავი ზღვის აუზს განეკუთვნებიან.
ერთი მხრივ, ევროკავშირის წევრი ბულგარეთი და რუმინეთი, ასევე რეგიონში გაძლიერებული და ამავე დროს NATO-ში შემავალი თურქეთი, მეორე მხრივ კი, აგრესიული რუსეთი. უკრაინა და საქართველო შავ ზღვაში ორ ცეცხლს შუაა.
ამერიკის ანალიტიკურ წრეებში ხშირად განიხილებოდა თემა, შეეძლო, თუ არა საქართველოს NATO-ში გაწევრიანება, პოლიტიზებული მაპის გარეშე, სხვა მექანიზმის გამოყენებით. ამ საკითხზე დღემდე განსხვავებული მოსაზრებებია.
შავი ზღვის უსაფრთხოების თემის განხილვაზე, თბილისის და კიევის შანსებზე, გახდნენ NATO-ს წევრები მაპის გარეშე - უკრაინის მთავრობის პოზიცია მტკიცეა. კიევი თვლის, რომ წევრობის სამოქმედო გეგმა იქნება იმის დემონსტრირება, რომ რუსეთს ალიანსის გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლება არ აქვს.
"წევრობის სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვანია მოკავშირეებისთვის იმის საჩვენებლად, რომ რუსეთს არ აქვს NATO-ში ხმის უფლება, როდესაც საქმე პოლიტიკურ საკითხებს ეხება. რა თქმა უნდა, მაპი არ წარმოადგენს პრობლემას, უკრაინისა და საქართველოსთვის, რეფორმების დასაწყებად. უკრაინისთვის, ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერა, ტრანსატლანტიკური საზოგადოების სიძლიერის და ერთიანობის დადასტურებას ნიშნავს. ასევე არის იმის ნიშანი, რომ რუსეთს NATO-ში ვეტოს უფლება არ აქვს,"- აცხადებს უკრაინის ვიცე-პრემიერი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინა.
ვიდრე ალიანსში საქართველოსა და უკრაინისთვის მაპის მინიჭებაზე თანხმობა არ არსებობს, ზოგიერთი სპეციალისტი საჭიროდ თვლის თანამოაზრე ქვეყნების კოალიციის არსებობას, როგორც ნატოს წევრების, ისე არაწევრი სახელმწიფოების მონაწილეობით, სადაც ერთმანეთს, უსაფრთხოების უზრუნველყოფაში დაეხმარებიან. უპირველეს ყოვლისა, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
"უკრაინის და საქართველოს შეიარაღებული ძალებიNATO-სთან მაღალი ინტეროპერაბელურობის დონეზე უნდა იყვნენ. ეს წინაპირობაა. რაც შეეხება წევრობას, არ ვფიქრობ, რომ ამ მომენტში საუბარი პროდუქტიულია. ჯერ ერთი, ისევ გვაქვს დასავლური და ცენტრალური ევროპის ქვეყნების წინააღმდეგობა. მეორე საკითხი კი ტერიტორიული მთლიანობაა. ვიდრე სრულ ინტეგრაციაზე ვისაუბრებთ, უნდა ვიფიქროთ, თუ როგორ ჩამოვაყალიბოთ თანამოაზრეთა კოალიცია, ნატოს წევრებით და არაწევრებით, რომლებიც ერთმანეთს უსაფრთხოების საკითხებში დაეხმარებიან," - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი იულია-საბინა იოლგა.
სპეციალისტების თქმით, შავ ზღვაში, სადაც რუსეთის სამხედრო აქტიურობაა, განსხვავებით ბალტიის რეგიონისგან, საერთო საფრთხის შეფასება არ არსებობს და არც შავი ზღვის სახელმწიფოები საუბრობენ ერთ ხმაში. გენერალი ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ შავი ზღვის ქვეყნებმა უფრო მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან და საერთო პოზიცია ვაშინგტონსა და ბრიუსელში აქტუალური გახადონ. ჰოჯესის თქმით, ვიდრე არ შეაჩერებენ, რუსული აგრესია გაგრძელდება.
ანალიტიკოსები ისევ მოუწოდებენ ამერიკის ადმინისტრაციას, აამოქმედოს სანქციები გაზსადენ ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის წინააღმდეგ. მათი თქმით, თუ ვაშინგტონი გაზსადენს ახალ სანქციებსაც კი ვერ უწესებს, რუსები დარწმუნდებიან, რომ საფასურის გადახდა მათ არც აგრესიის შემთხვევაში მოუწევთ.