თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ნიკა მელიას პროცესი უნდა განახლდეს. არსებით სხდომაზე შესავალი სიტყვით წარსდგება დაცვის მხარე. დაიწყება მტკიცებულებების მოკვლევაც.
თავად მელია პროცესს არ დაესწრება. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საფუძველზე დატოვა. მისი უფლებადამცველი აცხადებს, რომ ეს ე.წ. იმიტირებული სასამართლო პროცესია.
"მე ამ პროცესს ე.წ. იმიტირებულ სასამართლო პროცესს ვუწოდებ, სადაც რეალურად კანონისა და სამართლის მოთხოვნიდან გამომდინარე არაფერი არ ხდება. ყველაფერი პოლიტიკური მართლწესრიგით მიმდინარეობს,"- აცხადებს ნიკა მელიას ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის აქვს წარდგენილი.