17 ნოემბერი 2024,   04:21
ვრცლად
ფრაქციის მთავარი დღის წესრიგი იქნება, არ მივცეთ შანსი "ქართულ ოცნებას", უკან დაიხიოს რომელიმე ვალდებულებისგან - სალომე სამადაშვილი

ფრაქციაში "ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის" გაერთიანებული ოპოზიციონერი დეპუტატები იმ გეგმებზე საუბრობენ, რომლის განხორციელებასაც მე-10 მოწვევის პარლამენტში გეგმავენ. 

მათი განცხადებით, შეეცდებიან განსაკუთრებული აქცენტი  იმ რეფორმების განხორციელებაზე გააკეთონ, რომელიც გათვალისწინებულია შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით. ასევე აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში. 

"მე, ისევე, როგორც ჩემმა კოლეგებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საქართველოს პარლამენტში შეიქმნას ძლიერი ფრაქცია, "ლელოს" და პარტნიორების სახით. ჩვენ შევუერთდით ამ ინიციატივაში "ლელოს", როგორც დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები და ფრაქციის მთავარი დღის წესრიგი იქნება, ყოველდღიურ რეჟიმში, როგორც პარლამენტის შიგნით, ასევე საზოგადოებასთან პარლამენტის გარეთ მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენ არ მივცეთ შანსი "ქართულ ოცნებას", უკან დაიხიოს რომელიმე ვალდებულებისგან, რომელიც აიღო მიშელის შეთანხმებული დოკუმენტის თანახმად,“ - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

პარლამენტის წევრის შალვა შავგულიძის თქმით, ქვეყნის სვლა დასავლური კურსით უნდა გაგრძელდეს და ამ მიმართულებით აქტიური მუშაობაა საჭირო. 

შეგახსენებთ, რომ პარტია "ლელომ" პირველი ოპოზიციური ფრაქცია შექმნა, რომელსაც სხვა ოპოზიციონერი წევრებიც შეუერთდნენ. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. 

ფრაქციას სხვა ოპოზიციური პარტიებიდან წამოსული რამდენიმე დეპუტატი შეუერთდა - სალომე სამადაშვილი და შალვა შავგულიძე, ასევე არმაზ ახვლედიანი. 

დღის ამბები