17 ნოემბერი 2024,   04:27
ვრცლად
"აუცილებელია გავაქტიურდეთ სამიტის წინ და უკრაინასთან ერთად საქართველოს საკითხი წინ წამოვწიოთ" - გიორგი ხოჯევანიშვილი ბრიუსელის სამიტთან დაკავშირებით

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, გიორგი ხოჯევანიშვილი ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტს ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან კიდევ უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო. მისი თქმით, ქართულმა მხარემ უკრაინასთან ერთად საქართველოს საკითხი წინუნდა წამოწიოს.  გიორგი ხოჯევანიშვილი ისარელ-პალესტინას შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებასაც გამოეხმაურა.

"პირველ რიგში მინდა გამოვეხმაურო ისრაელში მიმდინარე პროცესებს. მწუხარებას გამოვთქვამ თითოეული გარდაცვლილი თუ დაზარალებული ადამიანის გამო და იმედს გამოვთქვამთ, რომ მალე დასრულდება ეს გაუგონარი აგრესია, რისი მოწმეებიც ჩვენ ყველანი ვართ. აქვე მინდა გავამხნევო ჩვენი ებრაელი და ქართველი მეგობრები, რომლებიც ცხელ წერტილებში არიან და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანა უახლოეს დღეებში დაუბრუნდება მშვიდობიან და სტაბილურ გარემოს. 

ახლა რაც შეეხება მეორე საკითხს: ზუსტად ერთ თვეში არის ნატოს სამიტი ბრიუსელში. ამ სამიტის გარშემო არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება და კითხვა. პირველი საკითხი,  რომელსაც მინდა შევეხო -  ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისა და ნატოსთვის კიდევ უფრო მეტი დატვირთვის მქონე ხდება შავი ზღვის უსაფრთხოება. შავი ზღვის კონტექსტში დისკუსიის ცენტრში არის მოქცეული მხოლოდ უკრაინა.

საინტერესოა რატომ არის ეს და რით არის ეს განპირობებული. ჩნდება კითხვა, ხომ არ არის ეს ჩვენი პასიურობით და კონკრეტული გეგმის არარსებობით. ბუნებრივია ბოლოდროინდელი რუსეთის აგრესიული ქმედებები უკრაინის გარშემო დიდ ყურადღებას იქცევს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოში ბორდერიზაციის და დესტაბილიზაციის მრავალი და თითქმის ყოველდღიური შემთხვევები გვაქვს.  

აუცილებელია, რომ გავაქტიურდეთ სამიტის წინ და უკრაინასთან ერთად საქართველოს საკითხი წინ წამოვწიოთ. ეს პროცესი  არ არის მხოლოდ ნატოზე დამოკიდებული და მოითხოვს ჩვენს აქტიურ ძალისხმევას. გვჭირდება კონკრეტული ხედვა, ამოცანები და გეგმები სამიტთან დაკავშირებით - რა შედეგებს გვინდა მივაღწიოთ და რა ამოცანებით მივდივართ სამიტზე - ამ ყველაფერზე პასუხია გასაცემი. ასევე დავამატებდი, რომ ალბათ მიზანშეწონილი იქნება ევროპული დედაქალაქების პოლიტიკურ ცენტრებთან უფრო აქტიური თანამშრომლობა, იმიტომ რომ საქართველოს შესახებ საუბარი არ იყოს  მხოლოდ ოფიციალური  ვიზიტების და ფორმალობის ნაწილში. 

და ასევე, მეორე საკითხი აღნიშნული მიმართულებით - სრულდება ჩვენი ხანგრძლივი და მასშტაბური მისია ავღანეთში. დამეთანხმებით, რომ მასშტაბური სამხედრო მონაწილეობა საერთაშორისო მისიებში იყო და არის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი დასაყრდენი ნატოსა და მოკავშირეებთან საუბრისას. რა გეგმა გვაქვს, როდესაც ეს დასაყრდენი წლის ბოლომდე აღარ იქნება. აქ კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ნატოსა და მოკავშირეებთან ახალი დღის წესრიგის შექმნა და ურთიერთობების გაღრმავება. დღეს ჩვენს რეგიონში დიდი ცვლილებებია - დამძიმებულია უსაფრთხოების გარემო და ამ  ფონზე პრინციპულად კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველომ პროაქტიულად წარმოაჩინოს საკუთარი როლი, ადგილი და მნიშვნელობა. " - განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა. 

დღის ამბები