"დღის კურიერის" წამყვანის კითხვაზე - იხილავს თუ არა საზოგადოება "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში, გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოლომდე პრინციპული ბრძოლა უნდა გააგრძელოს და თავის სიტყვას არ გადაუხვიოს.
თუმცა, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ამბობს, რომ იყო მოლოდინი, რომ პარტიის გარკვეული წევრები გატყდებოდნენ.
"ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური. არალეგიტიმური იყო, როგორც კი დამთავრდა 2020-ის არჩევნები და ყველამ ერთად, ყველა პარტიამ და საქართველოში მოქმედმა ყველა კომპეტენტურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თავის დასკვნებში განაცხადა, რომ ეს არჩევნები იყო ძალადობით და გაყალბებით ჩატარებული და შედეგები თავიდან ბოლომდე ამოყირავებული და შეცვლილი, შესაბამისად, ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური.
იმ დღიდან მოყოლებული არალეგიტიმური არის ახლაც, როდესაც რამდენიმე პარტია შევიდა ამ ე.წ. პარლამენტში და ვინც არ უნდა შევიდეს იქ, შეიძლება ლეგიტიმაციის ხარისხი ზოგადად გაეზარდოს, მაგრამ პრინციპში, მაინც არალეგიტიმური დარჩება.
ამიტომ, ლოგიკა ეს არის ჩემი და ბევრი ჩემნაირად მოაზროვნე ჩვენი პარტიის წევრისა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოლომდე პრინციპული ბრძოლა გააგრძელოს, ბოლომდე არ გადაუხვიოს თავის სიტყვას, რადგანაც 6 თვე ჩვენ სწორედ ამას ვეუბნებოდით ჩვენს ამომრჩევლებს, რომ არალეგიტიმურ პარლამენტში ჩვენ არ შევალთ. იმასაც ველოდებოდით, რომ ვიღაცა გატყდებოდა და ვიღაცა გაიყიდებოდა, ესეც ხომ ახალი არ არის,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.