თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო უპილოტო საფრენი აპარატების წარმოებას გეგმავს. ჯუანშერ ბურჭულაძე პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში თითქმის ორი საათია იმყოფება. მან, ასევე, რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი ჰიბრიდული ომების მეთოდებითა და მცოცავი ოკუპაციით გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას არყევს.
ბურჭულაძემ, მინისტრის საათის ფორმატში, დეპუტატებს უწყებაში დაგეგმილი სიახლეები გააცნო.
"რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები მნიშვნელოვნად არყევს გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურას. ასევე, ჰიბრიდული ომების მეთოდებით, მათ შორის მცოცავი ოკუპაციითა და ძალის გამოყენებით ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე რა თქმა უნდა ახდენს გავლენას.
ჩვენი თავდაცვის პოლიტიკა ეფუძნება ტოტალური თავდაცვის პრინციპს. საქართველოს თავდაცვის ძალები წარმოადგენს NATO-სთან თავსებადობის ამაღლებითა და ტრანსფორმაციის პროცესით საქართველოს საგარეო პოლიტიკური არჩევანის, NATO-ში ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას. მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-სთან თანამშრომლობით იგეგმება "ჯაველინების" დამატებითი პარტიის შეძენა.
ახალი ქართულ-ებრაული საწარმო "დელტას" ტერიტორიაზე წლის ბოლოდან ამოქმედდება, რომელიც M4-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებას დაიწყებს," - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დეპუტატების კრიტიკულ კითხვებს უპასუხა.
საუბარია რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებულ აუდიტის დასკვნაზე, სადაც აღნიშნულია, რომ თავდაცვის სამინისტროს გააჩნია რამდენიმე კრედიტორული დავალიანებები.
"რაც შეეხება აუდიტთან დაკავშირებულ კითხვებს, 2020 წლის ჩვენს ფინანსურ ანგარიშგებას მაქსიმალურად გავასწორებთ," - განაცხადა მინისტრმა.